ადრიატიკის ლიგის პლეი ოფი დაიწყო, რომელშიც წარუმატებელი სტარტი აიღო გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა”. პოდგორიცელები ზაგრებში “ცედევიტას” შეხვდნენ და 83:90 წააგეს. შეგახსენეთ, რომ რეგუარულ ჩემპიონატში “ბუდუჩნოსტმა” მე-4 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში მესამეზე გასულ “ცედევიტას” ხვდება, ხოლო სერია 2 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობას ზაგრებული კლუბი ფლობს.
ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:06 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა, მანამდე კი, მეტოქეებს 6 ჯარიმა აჰკიდა. “ბუდუჩნოსტის” რიგებში 23 ქულით საუკეთესო ამერიკელი ეარლ კლარკი იყო, “ცედევიტას” კი ასევე ამერიკელებმა – ჯასტინ კობსმა (23 ქულა) და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა (20) ულიდერეს.
ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩი 31 მარტს პოდგორიცაში შედგება და ბითაძე და მისი თანაგუნდელები წონასწორობის აღდგენას ეცდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშებიან.