ბითაძის მორიგი 28-ქულიანი მატჩი და ტურის MVP-ის ტიტულის მოგების შანსი

ბითაძის მორიგი 28-ქულიანი მატჩი და ტურის MVP-ის ტიტულის მოგების შანსი

გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში 28 ქულით პირადი რეკორდი გაიმეორა. სერბული “მეგა ბიმაქსის” ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო ხორვატიული “ციბონას” წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც დიდ ბრძოლაში – 82:80 ბითაძის გუნდმა იმარჯვა.

ქართველი ლეგიონერი, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:50 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ გოგამ 24 ქულა მატჩის მეორე ნახევარში ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა.  

ბითაძემ 13-დან 9 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაარღვიეს. ქართველი გოლიათის სარგებლიანობის ინდექსმა 34 ერთეული შეადგინა და ის ამ მატჩის MVP ხომ გახდა და დიდი შანსია, ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.

“მეგა ბემაქსმა” 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩება, რომელიც ჯერაც წაუგებელია. სერბულ კლუბს მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს, სტუმრად, ევროლიგის მონაწილე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტთან” ელის.