ბითაძის 0 დაკარგვა სარეკორდო 38 წუთში და სეზონის მე-8 ორმაგი დუბლი

ბითაძის 0 დაკარგვა სარეკორდო 38 წუთში და სეზონის მე-8 ორმაგი დუბლი

გოგა ბითაძის მე-8 ორმაგი დუბლი. მიმდინარე სეზონში ორლანდო მეჯიქის ცენტრმა, რომელმაც საკუთარი შეუპოვრობითა და კარგი თამაშით მოიპოვა ხუთეულში ადგილი, მილუოკისთან მატჩში, იანის ადეტოკუმბოსთან ბრძოლაში 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. გოგასთვის ეს მატჩი სათამაშო დროის მხრივ სარეკორდო იყო. მას აქამდე ნბა-ს მატჩში ყველაზე მეტი – 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები, მილუოკი ბაქსთან შეხვედრაში კი ის მოედანზე 38 წუთი იმყოფებოდა.

სამწუხაროდ ორლანდოელებმა ეს შეხვედრა ბრძოლაში დათმეს – 109:114. იანისი შეუჩერებელი იყო და 37 ქულა დააგროვა, თუმცა მოხსნებში მას გოგამ ერთი თავით აჯობა. ბერძენი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 36 წუთში 37 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 1 პასი და 6 დაკარგვა დაგროვდა. ქართველმა ცენტრმა 12 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ 38 წუთის განმავლობაში ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს.

ქართველმა ცენტრმა 11 ცდიდან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ორლანდოში ყველაზე შედეგიანი ჯალენ საგსი გახდა, რომელმაც 32 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 

17 მოგებითა და 10 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-3 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას მეჯიქი შინ, 12 დეკემბერს, ოკლაჰომასთან გამართავს.