დასრულდა “ა” ლიგის მე-6 ტური და პირველად მოხდა, რომ ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. კასპის გრიფინი 6 ტურის შემდეგ ერთადერთია, რომელმაც ყველაზე მეტი – 5 მოგება მოიპოვა და ამ შედეგით, ცხადია, პირველ ადგილზეა. კასპელებმა ტურის საკუთარი შეხვედრა გუშინ, საკუთარ ქალაქში, ლიბერთისთან მოიგეს. დღეს კი დიღომი არენაზე დანარჩენი 2 მატჩი შედგა, რომელთაგან ერთში გრიფინის კონკურენტი ბლექ ფორტრესი ბოლო ადგილზე მყოფ თელავის ბურჯს მასპინძლობდა.
ანუ ერთმანეთს ერთი წაგებისა და ერთი მოგების მქონე გუნდები – სხვანაირად რომ ვთქვათ, ფავორიტი და აუტსაიდერი შეხვდნენ. აქვე ვთქვათ, რომ აუტსაიდერმა გაიმარჯვა. თელაველებმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ბლექ ფორტრესს, რომელსაც მიმდინარე ტურნირში ერთადერთი და ისიც თელაველებთან მარცხი ჰქონდა, კიდევ ერთხელ აჯობეს.
ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ლიდერი არ შეცვლილა. თელაველებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, ეს სტატუსი თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. პირველ პერიოდში ბურჯი 11 ქულით გალიდერდა და მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმია. ჯორდან სმიტი შეუჩერებელი იყო. თელაველთა ამერიკელმა გამთამაშებელმა ძალიან შედეგიანად ითამაშა და სამმაგი დუბლის შესრულებამდე 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 19 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა. 21 ქულა ჰქონდა აიზეა ვილკინსს, 18 ქულა ჯეილენ დელკორტმა მოაგროვა.
თელაველებმა მიმდინარე “ა” ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს. მატჩი საბოლოოდ 89:77 (სტატისტიკა) დასრულდა და ამ შედეგმა კასპის გრიფინს პირველი ადგილი მოუტანა, რადგან ფორესტელებმა წააგეს და კასპელებს ქულით ჩამორჩნენ. რომ მოეგოთ, გადაასწრებდნენ, რადგან გრიფინს მიმდინარე “ა” ლიგაში ერთადერთი მარცხი სწორედ ბლექ ფორტრესთან აქვს.
მეორე შეხვედრაში ცხრილის ქვედა ნახევრის ბინადარნი – დებიუტანტი ვინგსი და ახალციხე შეხვდნენ. თავის მხრივ ახალციხელებიც დებიუტანტები არიან, რადგან მათ “ა” ლიგაში ადგილი “ამრა გაგრასგან” გარკვეული გარიფების შემდეგ მიიღეს. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოხდგა. პირველი ნახევარი ვინგსის იყო, რომელმაც დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა, 13 ქულასაც იგებდა და ცხადია, ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. ახალციხელებმა მოახერხეს გათანაბრება და დაწინაურდნენ კიდეც. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვინგსელთა ლეგიონერის, აბდულა შიტუს დაზიანება იყო, რომელსაც სათამაშო ეპიზოდში მეტოქის ხელი ცხვირში მოხვდა და სისხლდენა დაეწყო. ტრავმა არ იყო სერიოზული, უბრალოდ სისხლის ბოლომდე შეჩერება ვერ მოხერხდა და შიტუს სათამაშო დრო 17 მთლიანობაში წუთამდე შეუმცირდა.
თანაბარ ბოლო წუთებში ახალციხელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება, რაშიც მათ ამერიკელ ლეგიონერ იკავენ კარის მიუძღვის. კარიმ 35 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 24 ქულა ქუეს გლოვერის ანგარიშზეა. ვინგსში 30 ქულა ჰქონდა ჯერემი ჯონსს, 26 – ჯეიდან უოკერს. ახალციხემ საბოლოოდ 103:99 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მოგებ-წაგებათა ბალანსი გაითანაბრა.
“ა” ლიგის მორიგი, მე-7 ტური 28 თებერვალს გაიმართება.