ბოისას ოქროს სამქულიანმა არმია ფინალში გაიყვანა

ბოისას ოქროს სამქულიანმა არმია ფინალში გაიყვანა

ბოისას მიერ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ჩაგდებულმა
სამქულიანმა თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ თასის გათამაშების ფინალში
გაიყვანა. ქორქია–საკანდელიძის მემორიალის მომგები თსუ კი თასს ღირსეულად
ემშვიდობება.

შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში
მთელი შეხვედრის მანძილზე გამაყრუებელი ყიჟინა იდგა. ანატოლი ბოისამ არმიელებს
პირადად მოაგებინა თამაში. ის სამქულიანი რომ აეცილებინა, ფინალში თსუ გავიდოდა.

 

თსუ გამარჯვებას იმსახურებდა. ნუგზარ ჭეიშვილის დამოძღვრილი თსუ–ელები
მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ. რამდენჯერმე მათმა უპირატესობამ 11 ქულას
მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ არმიელებმა დასრულებამდე 3 წუთით ადრე პირველად
მოახერხეს ამ მატჩში დაწინაურება, სტუდენტები მაინც არ გატყდნენ.

 

მთავარი ამბებიც ბოლო 3 წუთშდი მოხდა. გიორგი შარაბიძის ორქულიანით „არმიამ“
შეხვედრაში პირველად მოახერხა დაწინაურება – 61:60. მიხეილ ჩიტაშვილმა ორი
საჯარიმო ჩააგდო და თსუ–ს ლიდერობა დაუბრუნა – 62:61. აქ კი უმნიშვნელოვანესი
სამქულიანი ჩააგდო არმიელმა გიორგი პირველაშვილმა (64::62), რომლის აქტიურობას
მოჰყვა სწორედ არმიელთა გააქტიურება. მისმა მიყოლებით ჩაგდებულმა 10 ქულამ (2
სამქულიანი და 2 ორიანი) არმიელებს გამარჯვების მუხტი მისცა.

 

თამაშის დასრულებამდე ორწუთნახევარი რჩებოდა, სიტუაცია კი იმდენად
დაიძაბა, რომ ორივე გუნდმა შეცდომებს უმატა. ვერც ერთმა მხარემ ბურთი ვერ ჩააგდო 2
წუთის განმავლობაში და ეს „მშრალი“ პერიოდი სტუდენტებისთვის ხელსაყრელი ეპიზოდით
დასრულდა. არმიელთა მორიგი აცილებული ბურთი თსუ–ელმა გიორგი გაფრინდაშვილმა
მოხსნა, რომელმაც გრძელი პასით ფართან პირირსპირ დატოვა ილია ლონდარიძე. ეს
უკანასკნელი არმიელთა ერთ–ერთმა ლიდერმა ბუბა ბერიშვილმა ჯარიმით შეაჩერა, რომელიც
არბიტრმა მაკა კუპატაძემ არასპორტულად შეაფასა. ლონდარიძემ ორივე სროლა ჩააგდო,
ანგარიში გაათანაბრა (64:64) და ბურთიც თსუ–ს დარჩა.

 

მატჩის დასრულებამდე 16 წამი რჩებოდა. თსუ–ელებმა ბურთი გაათამაშეს და
ფარისკენ დაძრული გიორგი გაფრინდაშვილე არმიელებმა გაუმართლებელი ჯარიმა მიიღეს.
გაფრინდაშვილმა იატაკზე დაცემისას ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო.
იგი მოედნიდან გაიყვანეს და მისი სასროლი საჯარიმოები მოედანზე სანაცვლოდ
შემოსულმა ზურაბ კორკოტაძემ ესროლა. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე კორკოტაძის
საჯარიმოებით თსუ 66:64 დაწინაურდა.

სწორედ აქ ივაჟკაცა ანატოლი ბოისამ, რომელმაც მოედნის კუთხიდან
გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო. მაშ ასე, 1 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში
საქართველოს თასს შსს და „არმია“ შეეცილებიან.

საქართველოს თასის გათამაშება.
ნახევარფინალი. 30 იანვარი. რუსთავი

 

თსუ 66:67
არმია

19:14 17:14 16:19 14:20

თსუ:
გაფრინდაშვილი (5ქ, 7მ, 5პ), კოხრეიძე (4) ლონდარიძე (8ქ, 10მ) კორკოტაძე (3),
ჩიტაშვილი (16), მათიაშვილი (21ქ, 9მ), მ. ბერიშვილი (9ქ, 9მ)

არმია: ბაბიაშვილი (4),
ბოისა (10ქ, 12მ), მინაშვილი, ბ. ბერიშვილი (12ქ,
14მ, 5პ), ტუღუში
(10ქ,
6პ), პირველაშვილი (13), ათუაშვილი (4),
საყვარელიძე
(5),
შარაბიძე
(9)

მსაჯები: მაკა
კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე

კომისარი: თენგიზ
ქიქოძე