ბოისას “ზადარმა” ფინალური სერიის მესამე მატჩი ზაგრებში დათმო

ხორვატიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გასულმა ვლადიმერ ბოისას “ციბონასთან” გასვლითი მატჩი 79:83 წააგო და საერთო ანგარიშში 1:2 ჩამორჩა.
მატჩი საკმაოდ საინტერესო და ძალიან დაძაბული გამოდგა, რასაც შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ალბათ ბევრი ვერც წარმოიდგენდა. მასპინლებმა სტუმრები თავიდან ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მიუხედავად ასეთი ჩამორჩენისა, ბოისას და მის თანაგუნდელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და მცირე სასწაულის მოხდენამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.
“ზადარმა” მე-3 მეოთხედში 9 ქულა გაუბათილა მასპინძლებს, ბოლომეოთხედშიც პირწმინდად დაჯაბნა „ციბონა“ (33:21), მაგრამ მატჩის ხსნისთვის დრო აღარ ეყო.
ბოისამ მოედანზე 24 წუთი დაჰყო და ზადარელებს 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ვოვამ 2-ვე ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო რანჩიჩმა 20 ქულა მიითვალა, მასპინძელთა რიგებში კი ანდერსონი (25) და კუში (20) გამოირჩნენ.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი “ზადარის” მოედანზე შედგება და თუკი მასპინძლებმა იმარჯვეს, მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრას ისევ ზაგრები უმასპინძლებს.
 

ბურთითაა ვლადიმერ ბოისა