ბოქოლიშვილის 54 ქულა

ბოქოლიშვილის 54 ქულა

მეოთხედფინალური სერიები რეკორდით გაიხსნა. „სამედიცინომ“ „მაკაბის“ მერაბ
ბოქოლიშვილის დიდებული თამაშის წყალობით მოუგო. ბოქოლიშვილმა სეზონის
საუკეთესო შედეგი აჩვენა – 54 ქულა.

აქამდელი საუკეთესო შედეგი (52 ქულა) რუსთავული „ენერჯი–ინვესტის“
სნაიპერ რევაზ ჩაჩანიძეს ეკუთვნოდა. ბოქოლიშვილმა კი ეს შედეგი „მაკაბისთან“ 2
ქულით გააუმჯობესა. მან 19–დან 10 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 10–დან 8 საჯარიმო და 14–დან
8 ორქულიანი მიაბა და თამაში შთამბეჭდავი  შედეგით
დაასრულა.

საბოლოო შედეგი „სამედიცინოს“ იოლ გამარჯვებაზე მიუთითებს, თუმცა პირველ
ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. გარდატეხა მოხდა მე–3 მეოთხედში და საბოლოოდ
მედიკოსებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.

მაკაბელთაგან გამოსარჩევია გიორგი რევაზაშვილის თამაში, რომელმაც 45
ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, თუმცა თავის გუნდს ვერაფერი უშველა.

მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ჰიუნდაიმ“ 118:79 გაანადგურა „ქუთაისი“
და ნახევარფინალში გავიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა იმერლებს
და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მოგებულებს კვლავ დუდა სანაძემ
ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითვალა. თუმცა მატჩის ბომბარდირი ქუთაისელი გახდა –
ავთანდილ ლომინაშვილმა 35 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

დარჩენილი 2 მეოთხედფინალი დღეს და ხვალ გაიმართება. 26 აპრილს
რუსთავში „ენერჯი–ინვესტი“ სტუ–ს უმასპინძლებს, ხოლო 27 აპრილს სპორტის სასახლეში „დინამო“
„ნიკეს“ გაეჯიბრება.