ბოსნიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რევანში აუღო

ბოსნიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რევანში აუღო

საქართველოსა და ბოსნიის ეროვნული ნაკრებების მეორე სპარინგ-მატჩი ბალკანელთა 15-ქულიანი გამარჯვებით  დასრულდა. არადა, ბოლო პერიოდის წინ ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა – ბოსნიელები 64:62 იგებდნენ და როგორც თამაშის მსვლელობა კარნახობდა, დაძაბული ბოლო ათწუთეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ…
ბოლო პერიოდში ქართველებს თამაში აღარ წაუვიდათ, ბოსნიელებს კი პირიქით – ხელფეხი გაეხსნათ და საბოლოოდ ბალკანელებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს. გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, როცა ბოსნიელებმა 18 მოიხვეჭეს და საკუთარ გამარჯვებას სოლიდური სახე მისცეს – 82:67.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოედნიდან გიოგი ცინცაძის გავარდნამ. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ბოლო პერიოდში მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე იძულებით გადაინაცვლა.
არადა, საწყისი 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია. ქართველებმა პირველი მეოთხედი 22:20 მოიგეს. თანაბარი ბრძოლა მეორე ათწუთეულშიც გაგრძელდა, რომელიც ბოსნიელთა მცირე უპირატესობით წარიმართა და დიდი შესვენებისთვის ბალკანელები 46:44 იგებდნენ. მესამე მეოთხედი ფრედ  – 18:18 დასრულდა და შეხვედრა კულმინაციურ – ბოლო პერიოდს მიადგა, რომელიც, როგორც ვთქვით, ბოსნიელთა მოულოდნელი უპირატესობით და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრების განაცხადში ამჯერად ვერ მოხვდნენ – ფეხმტკივანი თორნიკე შენგელია, ნოდარ გოგოძე, გიგი ჯანელიძე, ოთარ ფხაკაძე და ლევან ფაცაცია. შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 5 აგვისტოს ბოსნიელებს პირველი სპარინგ-მატჩი 78:73 მოუგო.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ბექა ბურჯანაძემ დააფიქსირა, რომელმაც 23:17 წუთში 14 ქულა მიითვალა. 11 ქულით დაასრულ შეხვედრა ჯეიკობ პულენმა, ხოლო ზაზა ფაჩულიას ანგარიშშზე 9 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ვიქტორ სანიკიძე საკმაოდ პროდუქტიული იყო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. მანუჩრ მარკოიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა. 
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს თბილისის მერიის თასის ფარგლებში გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში 9 აგვისტომდე დარჩება, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.
ამხანაგური მატჩი. პოდჩტრტეკი. სლოვენია. 6 აგვისტო საქართველო 67:82 ბოსნია 22:20, 22:26, 18:18, 5:18
სრული სტატისტიკა: 67:82