ევრობასკეტ 2013–ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ერთ–ერთი კონკურენტი ბოსნია საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში ჩაება და უკვე 2 შეხვედრა ითამაშა. Adecco 2012 ექს–იუგოსლავიური ქვეყნების ტურნირია, ლიუბლიანაში იმართება და მასში სლოვენიელებთან ერთად ბოსნიის, ხორვატიისა და სებრეთის ნაკრებები თამაშობენ. 3 აგვისტოს, ტურნირის გახსნის დღეს, ბოსნიამ მასპინძელი სლოვენია დაძაბულ ბრძოლაში 80:79 დაამარცხა.
ბოსნიელებს მოლოდინისამებრ მირზა ტელეტოვიჩმა ულიდერა, რომელმაც პირად ანგარიშზე 22 ქულა ჩაიწერა. 20 ქულა დააგროვა ნიჰად დიედოვიჩმა. ბოსნიელებმა პირველი მეოთხედი 31:19 მოიგეს და მას მერე უპირატესობას წარმატებით ინარჩუნებდნენ.
ტურნირის მეორე მატჩში ბოსნიამ ტურნირის ფავორიტ სერბეთთან 91:101 წააგო. ამჯერად ბოსნიელებს ელმედინ კიკანოვიჩმა 21 ქულით ულიდერა, ნატურალიზებულ ამერიკელ ზაკ რაიტს კი 19 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. ტელეტოვიჩი 19 ქულას დასჯერდა.
ტურნირის ბოლო მატჩს ბოსნია ხორვატიასთან ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოსნიას 21 აგვისტოს სტუმრად შეხვდება, ხოლო 5 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს.