ბოსნიიდან გამარჯვებით დაბრუნებული 20-წლამდელები მინისტრმა დაასაჩუქრა

ბოსნიიდან გამარჯვებით დაბრუნებული 20-წლამდელები მინისტრმა დაასაჩუქრა

ბოსნიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან (B დივიზიონი) დაბრუნებული საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები დღეს სპორტის სამინისტროში მიიღეს და გამარჯვების მილოცვასთან ერთად ძვირფასი საჩუქარიც გაუკეთეს. A დივიზიონის საგზურის მომპოვებელი ახალგაზრული ნაკრების წყველა წევრი ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს დაესწრება. სამინისტრო მთლიანად უზრუნველყოფს მგზავრობის, ლიტვაში ცხოვრებისა და მატჩების ბილეთების ხარჯებს.
მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ნაკრების ყველა წევრი საკუთარ კაბინეტში მიიღო. გამარჯვების მილოცვის შემდეგ მინსტრმა კალათბურთელებს წარმატებები უსურვა და ჰკითხა, გეგმავდა თუ არა რომელიმე ლიტვაში გამგზავრებას. აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს ევროპის ჩემპიონატზე წასვლა არ ჰქონდა გადაწყვეტილი და აღნიშნული საჩუქრის მიღების შემდეგ ყველა კმაყოფილი დარჩა. ვარძელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელები მომავალ წელს გასამართ A დივიზიონის მატჩებშიც გამოიჩენენ თავს და საქართველოს კვლავ ასახელებენ.

ლადო ვარძელაშვილი:”  20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ-დივიზიონში ძალიან კარგად ითამაშა, საკმაოდ ძლიერი ნაკრებები დაამარცხა და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, მივულოცო მათ ეს წარმატება და დავპირდე, რომ სამინისტროს მხრიდან კალათბურთის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება და რაგბის და ფეხბურთის მხარდაჭერის ანალოგიური იქნება. დიდი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩემპიონატის გაძლიერებას. 20-წლამდელთა ნაკრები კი სამინისტროსგან საჩუქარს მიიღებს, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დაფინანსებით გაემგზავრება”.

არჩილ ჟღენტი: “საკმაოდ რთული მატჩების ჩატარება მოგვიხდა – ბოსინიაში კალათბურთელებმა 9 მატჩი გამართეს, ესტონეთთან მოგებული თამაშის შემდეგ კი, რომელიც უთუოდ ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო მივხვდით, რომ ფინალში გასვლაც შეგვეძლო. საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, სადაც ამ ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გამოვა. იმედი გვაქვს, რომ ა-დივიზიონში დარჩენას მოვახერხებთ”.
დუდა სანაძე:” ბოსნიაში გამგზავრების წინ მიზნად ჯგუფიდან გასვლა დავისახეთ, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ ფინალში გასვლა და ა-დივიზიონის საგზურის მოპოვებაც შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით ესტონეთთან მოგებული ურთულესი მატჩის შემდეგ გამოჩნდა, რომელიც ყველაზე უხერხული და ძლიერი მოწინააღმდეგე იყო”.