„ბრუკლინ ნეთსმა“ ბეწვის ხიდზე გაიარა. თორნიკე შენგელიას გუნდმა, რომელიც სერიას 2:3 აგებდა, მე-6 მატჩი „ჩიკაგოში“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 95:92 გაიმარჯვა. წაგების შემთხვევაში ბრუკლინელებისთვის სეზონი მთავრდებოდა, ახლა კი საქმე მე-7, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელიც ნიუ იორკში გაიმართება.
მატჩის პირველი მეოთხედი სტუმრებმა 6 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც მასპინძლები თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ ჩამორჩენის შემცირებას, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბრუკლინელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს მცირე ლიდერობა და მიზანს მიაღწიეს. გამარჯვებულთაგან სამმა კალათბურთელმა – ჯო ჯონსონმა, ბრუკ ლოპესმა და დერონ უილიამსმა 17-17 ქულა მიითვალა. ამ უკანასკნელმა 17 ქულას 11 პასი მმოაყოლა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ისევე როგორც პლეი ოფის აქამდელ მატჩებში, ქართველი ფორვარდი განაცხადში არც ამჯერად ყოფილა. განაცხადში იყვნენ, თუმცა მატჩის დაზაბულობის გამო მოედანზე არ გასულან მირზა ტელეტოვიჩი, ტაიშონ ტეილორი და ჯერი სტეკჰაუსი.
სერიის გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას, ბრუკლინში მდებარე „ბარკლაი სენთერში“ გაიმართება.