ბულაშვილის 26 ქულა და ანდრონიკაშვილის გამარჯვება ესპანეთის EBA ლიგაში

ბულაშვილის 26 ქულა და ანდრონიკაშვილის გამარჯვება ესპანეთის EBA ლიგაში

საქართელოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ლუკა ბულაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა ესპანეთში, რანგით მე-4 EBA ლიგის A-B დივიზიონში. 20 წლი ქართველის “კულერედო” სტუმრად “ინოვა ჩეფს” შეხვდა და 4 ქულით – 64:68 დამარცხდა. 

ბულაშვილმა 35:44 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბულაშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედოს” 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, შინ, “ნარონთან” ჩაატარებს.

A-A ლიგაში “ვალე დე ეგუესთან” გასვლითი მატჩი 67:59 მოიგო რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესმა”. ქართველი კალათბურთელი მოედანზე 11:46 წუთი იყო და აქტივში 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. რატიმ 3 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა ჰქონდა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“მირაფლორესი” 7 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩი კი 19 იანვარს, შინ, “მონდრაგონთან” ელის.