დღეს იწყება ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონი, რომლის გუნდ ლეიმა ბასკეტში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე ასპარეზობს. ესპანეთის მეორე დივიზიონი (EBA) თავის მხრივ სამად იყოფა – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებად. ლაკორუნიული ლეიმა ბასკეტი უძლიერეს, ოქროს ლიგაში ასპარეზობს და წარმატების შემთხვევაში, მის წევრებს უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი აქვთ. სწორედ ეს მოახერხა გასულ სეზონში გუნდმა „ორენსემ“, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ამხანაგურ მატჩში ბურჯანაძის გუნდი შეხვდა და ქართველმა ფორვარდმა 18 ქულით, 9 მოხსნითა და 4 ჩაჭრით თავი გამოიჩინა.
– ლა კორუნაში 17 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩამოვედი და პირდაპირ ვარჯიშს შევუდექი. ახალი სეზონისთვის მთელი მონდომებით ვემზადები, მინდა როგორც სათამაშო კლასი, ისე სტატისტიკა გავიუმჯობესო – გვითხრა ბექა ბურჯანაძემ.
– რამდენად წარმატებით გამოგდის?
– დღეს ჩემპიონატი იწყება და ყველაფერი გამოჩნდება, რაც შეეხება აქამდე არსებულ ვითარებას, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშებზე თავს უფრო დამაჯერებლად ვგრძნობ და ამხანაგურ მატჩებშიც საკმაოდ კარგად ვითამაშე.
– რამდენი მატჩი გამართეთ და რომელ მათგანს გამოარჩევ?
– 4 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ: 3 ჩვენივე ლიგის გუნდებთან, ხოლო 1 შეხვედრა „ორენსესთან“, რომელიც გასულ სეზონში ოქროს ლიგაში თამაშობდა და უმაღლესის საგზური მოიპოვა. სწორედ ამ მატჩს გამოვარჩევ, რომელიც წავაგეთ, თუმცა საკუთარი მონაგრით კმაყოფილი დავრჩი: 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა დამიგროვდა. სხვა მატჩებშიც არ ვარ საკუთარი თავით უკმაყოფილო. სამივე თანალიგელი დავამარცხეთ.
– გუნდში როგორი სიტუაცია დაგხვდა, რამდენად კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გყავთ?
– გასული სეზონიდან მხოლოდ 4 კალათბურთელი ვართ, დანარჩენები ახლები არიან. ჩემი აზრით გაცილებით კარგი შემადგენლობაა და მიზანიც შესაბამისია – პლეი ოფში გასვლა.
– პლეი ოფი მეორე ლიგაში?
– დიახ, აქაური გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: ოქროს ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის უმაღლეს ლიგაში, ხოლო II-IX ადგილებზე გასული 8 გუნდი პლეი ოფში ასპარეზობს და გამარჯვებულს შანსი ეძლევა, უმაღლესი ლიგის საგზური გადათამაშების გზით მოიპოვოს. ჩვენც მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. თუ პირველ ადგილზე ვერ გავედით, პლეი ოფიდან ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
– სეზონის ბოლომდე აპირებ ლეიმა ბასკეტში დარჩენას?
– კონტრაქტით ასეა და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ლა კორუნაში ვიქნები. თუ რამე სხვა ვარიანტი გამომიჩნდა, ამაზე მერე ვისაუბროთ.
– გუნდში რომ დაბრუნდი, რა გითხრეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლაზე?
– მომილოცეს ჩვენი ნაკრების წარმატებული თამაში. ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასვლა, თან მასპინძლების დამარცხება და პლეიოფში ლიტვასთან ღირსეული თამაში დიდი წარმატებაა. მეც ამ აზრის ვარ. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მაღალი დონის გუნდია.