ბექა ბურჯანაძე ლაკორუნიულ ლეიმა ბასკეტს პლეი ოფში შეუძღვა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ქართველი ლეგიონერის გუნდმა ბარსელონა 2-ს უმასპინძლა და 76:71 მოგებით პლეი ოფში თამაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა.
როგორც ამ სეზონის უმეტეს მატჩებში, ბურჯანაძე ბარსელონასთანაც საუკეთესო იყო. 20 ქულით ბექა ლაკორუნიული გუნდის ბომბარდირი გახდა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
ბურჯანაძის კვალზე 16-16 ქულა მიითვალეს მიგელ პენამ და მაიკლ მონაჰანმა. ბარსელონელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო სტეფან პენო. ამ გამარჯვებით ლეიმა ბასკეტმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. არადა, ბურჯანაძის გუნდმა სეზონი უხეიროდ დაიწყო და საწყისი 8 ტურის შემდეგ 7 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა. სადღეისოდ კი, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლაკორუნიელებს 16 მოგება და 12 მარცხი აქვთ. პლეი ოფში 2-9 ადგილეზე გასული გუნდები გადიან, რომლებიც უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ. მეორე ლიგის გამარჯვებული კი პირდაპირი გზით მოიპოვებს ელიტ-საგზურს.
ლაკორუნიელებმა პლეი ოფში შესვლა საგანგებოდ დამზადებული ტორტით აღნიშნეს