ბექა ბურჯანაძის ბენეფისი გრძელდება. „ლეიმა ბასკეტის“ ქართველი ფორვარდი მარგი ქმედების კოეფიციენტის 27 ერთეულით წინა ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, წუხანდელ შეხვედრაში კი ეს მაჩვენებელი 30 ჰქონდა. ბურჯანაძის ლიდერობით ლაკორუნიულებმა კატალონიური გუნდი ბარსელონაში 88:76 დაამარცხეს.
ესპანეთის მეორე დივიზიონში კატალონიურ გრანდს მეორე გუნდი ჰყავს და სწორედ მას მოუგო „ლეიმა ბასკეტმა“ ბურჯანაძის წინამძღოლობით. ქართველმა ფორვარდმა 29 წუთში 23 ქულა, 13 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბურჯანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბექას გვერდში ედგა თანაგუნდელი პადრო ოლმოსი, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
13 ტურის თავზე მე-5 გამარჯვებით ლაკორუნიული გუნდი ცხრილში მე-11 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 20 დეკემბერს, შინ „პლანასასთან“ გამართავს. ქართველ ფორვარდს კი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების მორიგი ბრწყინვალე შანსი აქვს. ეს ტიტული ბურჯანაძემ გასულ 13 ტურში უკვე 4-ჯერ მოიგო.