ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის რეალთან

ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის რეალთან

ესპანეთის ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო. მე-18 ტურში მადრიდის რეალმა ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნას” უმასპინძლა და პირველ ტურში დამარცხებისთვის შური იძია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი დიდი მოულოდნელობით დაიწყო, როცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა ევროპული გრანდი რეალი შინ 1 ქულით დაამარცხა. დაიწყო მეორე წრე და რეალმა დებიუტანტს უმასპინძლა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით – 90:74 დასრულდა.

რეალმა ფაქტობრივად პირველ პერიოდში გადაწყვიტა მატჩის ბედი, რომლის ბოლოსაც 29:12 დაწინაურდა. ეს 17-ქულიანი უპირატესობა იყო მაქსიმუმი, რასაც რეალმა მიაღწია, დარჩენილ დროში კორუნელებმა თამაში გამოასწორეს და მეტოქეს აღარაფერი დაუთმეს, თუმცა აღნიშნული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოახერხეს.

ბურჯანაძე ბოლომდე იბრძოდა, განსაკუთრებით – ფარქვეშ. ქართველ ფორვარდს თავის გუნდში ყველაზე მეტი – 7 მოხსნა დაუგროვდა. მთლიანობაში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება – 6 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.რეალში 18 ქულით საუკეთესო იყო სერჟ იბაკა.

4 მოგებითა და 14 მარცხით კორუნა ბოლო, მე-18 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 1 თებერვალს, შინ “გრან კანარიასთან” გამართავს.