ჩეხეთი – საქართველო. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჩეხეთი – საქართველო. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩეხთაგან ტომაშ სატორანსკი გამოცხადდა, საქართველოს ნაკრებიდან კი ჟურნალისტებს დუდა სანაძე შეხვდა.

ტომაშ სატორანსკი:
„ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია, რომელმაც გუშინ დიდი ბრძოლა გაუმართა სლოვენიას და ბოლო წამებამდე შეეძლო გამარჯვების მოპოვება. ამან, როგორც ჩანს, ქართველებს დიდი ძალები წაართვა და მათ დღეს ბევრი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გუშინ ესპანეთს ვეთამაშეთ, რომელსაც მხოლოდ 39 ქულა ჩავუგდეთ. დღევანდელ მატჩში ჩვენთვის ყველაფერი იოლად წარიმართა, რადგან ვითამაშეთ როგორც გუნდი. ჩავაგდეთ არაერთი იოლი ბურთი, ხშირად ვრჩებოდით თავისუფალი. ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“.
დუდა სანაძე:
„სატურნირი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელიც სამწუხაროდ, წავაგეთ. გუნდის ძირითადი ბირთვი გადაღლილი იყო და ვეღარ მოვახერხეთ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს სახელს ვიცავთ“.
იგორ კოკოშკოვი:
„ჩვენი გუნდი გადაღლილი იყო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ფსიქოლოგიურად. ვერ მოვახერხეთ ძალების აღდგენა და ჩეხეთთან, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, დავმარცხდით. 60 ქულა მივიღეთ სამწამიანი ზონიდან, რაც ნამეტანია და მეტოქის ფარქვეშ დომინირებაზე მიუთითებს. არაა დასამალი, ორმ ჩვენ შეზღუდულები ვართ, არ გვაქვს შეცვლების თამამად გაკეთების საშუალება.  მიუხედავად დამარცხებისა, მე მეამაყება საქართველოს ნაკრების წევრი რომ ვარ“.
პაველ ბუდინსკი:
„ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა. ფარქვეშ მართლაც დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა სწრაფი შეტევებიც გამოგვივიდა და ასეთი შედეგიანობაც ამის გამოა. ძალიან დაგვეხმარნენ სათადარიგოებიც და საკმაოდ დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრები გადაღლილი იყო და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია“.