გასულ კვირას დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 16–წლამდელთა შორის. ტურნირი
საკმაოდ წარმომადგენლობითია, რაც კარგი ტენდენციის მანიშნებელია.
კალათბურთისადმი
ინტერესი მოსახლეობაში გაიზარდა, რამაც ბავშვთა წრეების მომრავლება განაპირობა და
შედეგიც სახეზეა: ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 18 გუნდმა გამოთქვა. ბოლო
წლებში ამდენ გუნდს აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.
18 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა:
პირველი ჯგუფი
რუსთავი 1, ქუთაისი, თსსუ, სსაუ, აკადემია 2, ფოთი. საბურთალო 161, ნიკე,
ჰიუნდაი
მეორე ჯგუფი
რუსთავი 2 , ზაზა, თელავი, ავერსი, მარნეული, ორბი, აკადემია 1, დინამო,
ბათუმი
გათამაშების პრინციპი ტრადიციულია. გუნდები 2 წრეს ჩაითამაშებენ და პლეი
ოფში ადგილს თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო მოიპოვებს. პირველი მატჩები დიღომში
მდებარე „დინამოს“ ბაზაზე გაიმართა. სწორედ ეს დარბაზი იქნება ასაკობრივი
ჩემპიონატების მასპინძელი მანამ, სანამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროს შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სარემონტო
სამუშაოები დასრულდება.
კვირას „დინამოზე“ 5 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დაძაბული
„მარნეულისა“ და „ორბის“ დაპირისპირება გამოდგა. ქვემოქართლელები მთელი მატჩის
განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედი „ორბმა“ 17:7 მოიგო და საბოლოოდ 2
ქულის სხვაობით – 60:58 იმარჯვა.
სამედიცინო ინსტიტუტის გუნდმა კი
40 ქულის სხვაობით წააგო აგრარულ უნივერსიტეტთან. თუმცა ყველაზე დიდი სხვაობით
აკადემიის პირველმა გუნდმა იმარჯვა, რომელმაც „დინამო“ 93:36 დაამარცხა.
მომდევნო მატჩები ხვალ რუსთავში, კვირას კი კვლავ „დინამოზე“ გაიმართება.