ჩიკაგო VS ატლანტა დამთავრდა: ფაჩულიამ სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა

ჩიკაგო VS ატლანტა დამთავრდა: ფაჩულიამ სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა

„ატლანტა ჰოუქსისთვის“, შესაბამისად ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის გუნდმა ნბა–ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მე–6 მატჩი შინ 73:93 წააგო „ჩიკაგოსთან“, შედეგად, 2:4 ჩამორჩა და სერიაც დამთავრდა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „ჩიკაგოს“ ატლანტელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა რეალურად ძლიერ მეტოქესთან საბოლოოდ ვერას გახდნენ.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ნბა–ს სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა. 2010–11 წლების სეზონში აქამდე გამართულ 90 შეხვედრაში ფაჩულიამ ყველაზე მეტი – 12 მოხსნა 27 თებერვალს „პორტლენდთან“ მოგებულ შეხვედრაში მოაგროვა. დღეს გამთენიისას ჩატარებულ მატჩში კი ზაზას 13 მოხსნა ჰქონდა, რაც მისთვის უდაოდ ჩინებული შედეგია. სამწუხარო ისაა, რომ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა ფარქვეშ მხარი ვერ აუბეს: ზაზას შემდეგ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი – 5 მოხსნა ჯოშ სმიტს ჰქონდა. საბოლოოდ, ფაჩულია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მომხსნელი გახდა.
 

კაილი კორვერისა და ზაზა ფაჩულიას ბურთისთვის ბრძოლას
კარლოს ბუზერი გაფაციცებით უყურებს
 
რაც შეეხება შეტევას, ქართველი ცენტრი შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 22,41 წუთის განმავლობაში თამაშიდან ორჯერ უშედეგოდ შეუტია, საჯარიმოს ხაზიდან კი 2–დან 1 სროლა გამოიყენა. ზაზას ასევე თითო ჩაჭრა და პასი ჰქონდა.
 
„ატლანტამ“ პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო. ამდენივეთი აგებდა დიდ შესვენებაზე, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე 17 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს ჩიკაგოელების გატეხვა და სერიაში დამარცხდნენ, თუმც სეზონი ღირსეულად დაასრულეს.