ჩვენი ჯგუფი: ბოსნია ლატვიას გადაურჩა, რუმინეთმა ჰოლანდიას მოუგო

ჩვენი ჯგუფი: ბოსნია ლატვიას გადაურჩა, რუმინეთმა ჰოლანდიას მოუგო

დღეს იმ ევროსაკვალიფიკაციო ჯგუფში დაიწყო თამაშები, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდის. ჯგუფში გუნდების კენტი რაოდენობაა და საქართველოს პირველ ტურში დასვენება უწევდა. ასე რომ, ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა პირველ მატჩები გამართეს და შედეგებიც საინტერესო დაფიქსირდა.
ჯგუფის ერთ–ერთ ფავორიტად შერაცხულმა ბოსნია–ჰერცოგოვინამ საკუთარი ქომაგების თვალწინ კინაღამ სირცხვილი ჭამა. ბოსნიელებმა ლატვიას უმასპინძლეს და თამაშის ბოლო წუთზე აგებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ლატვიელები 82:81 ლიდერობდნენ, ბურთიც მათ ჰქონდათ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეტევაში ზონის წესი დაარღვიეს და ბოსნიელებმა ბოძებული შანსი გამოიყენეს. საბოლოოდ მასპინძლებმა 87:84 იმარჯვეს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყეს.

ბოსნიელთაგან 24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო მირზა ტელეტოვიჩი იყო, ხოლო ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ზაკ რაიტმა ბოსნიელებს 20 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. 18 ქულა ჰქონდა ელმედინ კიკანოვიჩს, ხოლო ნიჰად დედოვიჩმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. სწორედ ამ გვარებს უნდა უფრთხოდეს საქართველო. არანაკლებ სახიფათოები არიან ლატვიელები, რომლებმაც მძლავი ბონსნია მისსავე ქომაგებით სავსე დარბაზში ლამის დაამარცხეს. ლატვიელთაგან საუკეთესოები იყვნენ: იანის შტრელნიეკსი (18), დაირის ბერტანსი (17) და დევის ბერტანსი (13), ხოლო კასპარას ბერზინსმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა, 11 მოხსნა).
აქვე ვთქვათ, რომ ლატვიელებს დაუშავდათ ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, გუნდის უმთავრესი ლიდერი იანის ბლუმსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და ლატვიის ნაკრებს შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. რუმინეთმა შინ ჰოლანდიას 90:84 მოუგო. რუმინელები საერთაშორისო ასპარეზზე აქამდე ბევრით ვერაფრით გამოირჩეოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალ კონდიციამდე ავიდნენ და ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გაირკვა. რუმინელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოახერხეს გამარჯვების მიღწევა. მასპინძელთა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა შეძლო 10–ქულიანი ზღვარის დაძლევა, ჰოლანდიელთაგან კი საუკეთესო 27 ქულის მომგროვებელი ჰენკ ნორელი იყო.
მომდევნო ტური 18 აგვისტოს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შემდეგი წყვილები შეხვდებიან: საქართველო – რუმინეთი, ჰოლანდია – ბოსნია