ჩვენი მეტოქეები ერთმანეთს დაერივნენ: რუსეთი – ბულგარეთი 88:51

ჩვენი მეტოქეები ერთმანეთს დაერივნენ: რუსეთი – ბულგარეთი 88:51

კვიპროსზე დაიწყო წარმომადგენლობითი ტურნირი: ევროპული საკალათბურთო ტური 2011. მასში 6 ნაკრები მონაწილეობს, საიდანაც ორი – რუსეთი და ბულგარეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები არიან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე.
 
ამ 6 გუნდიდან ყველა ყველას არ ხვდება. თითოეული ნაკრები 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. წუხელ, საქართველო რომ ესტონელებს ტალინში ხვდებოდა, კვიპროსზე ერთმანეთს მომავალი მეტოქეები: რუსეთი და ბულგარეთი ეჯიბრებოდნენ. რამდენად მისაღებია მომავალი მეტოქეების ამხანაგური სპარინგი, ეს სხვა საკითხია – ასეთი პრეცედენტები ევროპულ კალათბურთში იშვიათია, თუმცა რუსეთს და ბულგარეთს თავიანთი გეგმები აქვთ და ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც.
 

 
შეხვედრა რუსების დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველ მეოთხედში ბულგარელებმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს, ხოლო მეორეში – 7. შესაბამისად, პირველი ტაიმი 13:43 წააგეს და ვერც მეორეში მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება. საბოლოოდ რუსეთმა 88:51 გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაშიც 14 ქულით საუკეთესო გახდა სათადარიგო ვიტალი ფრიდზონი. 10–10 ქულა ჰქონდათ ანდრეი კირილენკოსა და სემიონ ანტონოვს.
 
ბულგარელთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ჩავდარ კოსტოვმა უწია, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და 26 წუთში 12 ქულას მოუყარა თავი. ბულგარელთა ლიდერმა ფილიპ ვიდენოვმა 8 ქულა მოიხვეჭა, ამდენივე დაუგროვდა დეიან ივანოვს.
 
ბულგარეთი დღეს პოლონეთს შეხვდება, ხოლო რუსეთი – იტალიას. ხვალ, ტურნირის ბოლო დღეს, რუსეთი საბერძნეთს დაუპირისპირდება, ბულგარეთი კი ისრაელს. გუშინდელი 2 შეხვედრა ამ შედეგებით დასრულდა: ისრაელი – პოლონეთი 65:58, საბერძნეთი – იტალია 76:70.
 
რუსეთი – ბულგარეთის სრული სტატისტიკა:  http://bgbasket.com/stats.php?id=147356