ჩვენი მეტოქეები: ისრაელმა რუსები დაჯაბნა, სლოვენიამ ლიტვას აჯობა

ჩვენი მეტოქეები: ისრაელმა რუსები დაჯაბნა, სლოვენიამ ლიტვას აჯობა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გუშინ ამხანაგური მატჩები გამართეს. სლოვენიამ ლიტვა დაამარცხა, ხოლო რუსეთი თელ ავივში ისრაელთან დამარცხდა.
 
თელ ავივში მყოფმა რუსეთის ნაკრებმა პოლონეთის გაჭირვებით დამარცხების შემდეგ მასპინძელ ისრაელთან 10 ქულის სხვაობით – 79:89 წააგო. ისრაელს საქართველოს ნაკრები ბოლო 2 კვირაში ორჯერ შეხვდა. თავდაპირველად, 13 აგვისტოს ჰოლანდიურ ოთხთა ტურნირზე, ისრაელმა 77:72 მოუგო იგორ კოკოშკოვის გუნდს, თუმცა ქართველებმა 3 დღეში თბილისში რევანში აუღეს ებრაელებს – 97:91.
 

ლიორ ელიაჰუმ რუსებს 27 ქულა უთავაზა
 
სწორედ თბილისში 6 ქულით დამარცხებულმა ისრაელმა მოუგო ანდრეი კირილენკოიან რუსეთს. მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ (20:20) დასრულდა, მეორე კი მასპინძლებმა 23:18 მოიგეს. შესვენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. რუსებმა ვერაფერი დაუპირისპირეს გამართულად მოთამაშე ებრაელებს და დარჩენილი 2 მეოთხედიც მასპინძლებმა მოიგეს – 24:22 და 22:19 შესაბამისად.
 
ებრაელებს ულიდერა ლიორ ელიაჰუმ, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. თბილისური მატჩის ბომბარდირმა გაი პნინმა, რომელმაც ქართველებს 7 სამქულიანი ჩაუგდო, რუსებთან მხოლოდ 4 შორი სროლის მითვლა მოახერხა და 17 ქულას დასჯერდა. რაც შეეხებათ რუსებს, მათ კირილენკომ 29 ქულით ულიდერა. უკანახაზელ სერგეი ბიკოვს 11 ქულა დაუგროვდა, ვიქტორ ხრიაპასა და ტიმოფეი მოზგოვს 9 და 6 – შესაბამისად.
 
ლიტვას მორიგი საკონტროლო მატჩი ვილნიუსში საქართველოსთან აქვს, მანამდე კი სტუმრად ლიუბლიანაში სლოვენიას დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით – 80:66 დასრულდა.
 
პირველი მეოთხედი სლოვენიელებმა 26:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდეს – 52:33. ამის შემდეგ მასპინძლებმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს, თუმც ლიტველებს საბოლოოდ მაინც იოლად მოუგეს.
 
„ჩვენ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით – დაცვაში. საკმაოდ კონცენტრირებული იყო თითოეული მოთამაშე, რაც იმ შრომის შედეგია, რაც მოსამზადებელ პერიოდში გავწიეთ. ჩვენი გუნდი ნაბიჯ–ნაბიჯ წინ მიიწევს და დღევანდელმა მატჩმა ეს ყველასთვის ცხადი გახადა“ – განაცვადა მატჩის შემდეგ სლოვენიელთა ბომბარდირმა ერაზმ ლორბეკმა.
 
ამხანაგური მატჩი. თელ ავივი. 24 აგვისტო
ისრაელი 89:79 რუსეთი
20:20 23:18 24:22 22:19
ისრაელი: ელიაჰუ 27, პნინი 17, ჰალპერინი 13, ბლუ 10
რუსეთი: კირილენკო 29, ბიკოვი 11, ხრიაპა 9, მოზგოვი 6
 
ამხანაგური მატჩი. ლიუბლიანა. 24 აგვისტო
სლოვენია 80:66 ლიტვა
26:12 26:21 10:13 18:20
 
სლოვენია: ლაკოვიჩი 10, სმოდიში 5, უდრიჰი 1, გ. დრაგიჩი 8, იაგოდნიკი 6, ბეგიჩი 7, ლორბეკი 13, მურიჩი 2, ოზბოლტი 10, ზ.დრაგიჩი 6, შლოკარი 12, რუპნიკი
ლიტვა: კაუკენასი 9, დელინინკაიტისი 8, ონგაილა 6, იასაიტისი 5, იასიკევიჩუსი 2, პეტრავიჩუსი 15, იავტოკასი 4, ვალანჩიუნასი 7, ფოციუსი 1, იანკუნასი 9, ლუკაუსკისი