ჩვენი მეტოქეები: პორტუგალიის ნაკრებში ნატურალიზებული ამერიკელი გამოიძახეს

ჩვენი მეტოქეები: პორტუგალიის ნაკრებში ნატურალიზებული ამერიკელი გამოიძახეს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პორტუგალიამ შემადგენლობა გამოაქვეყნა და პორტუგალიელებთან ერთად მასში 1 ამერიკელიცაა.
ჰაშიმ ევანსი 35 წლის უკანახაზელია, ის ამერიკის სტუდენტურ ლიგაში, „კენტურის“ შემადგენლობაში თამაშობდა გასული საუკუნის ბოლო წლებში. რაკი ვერ იყო იმდენად პერსპექტიული, რომ ნბა–ში ეთამაშა, სხვადასხვა ამერიკული ლიგების მოვლის შემდეგ ევროპაში, პორტუგალიაში გადაბარგდა და „ბენფიკას“ ლიდერი გახდა. ამ გუნდთან ერთად ევანსმა არაერთი პორტუგალიური ტიტული მოიგო, შემდეგ კი ამ ქვეყნის მოქალაქეც გახდა.
საკმაოდ მობერებული ევანსი პირველად წლეულს იხმეს პორტუგალიის ნაკრებში და მასთან ერთად დებიუტანტია „ბარეირენშეს“ 22 წლის უკანახაზელი, პედრო პინტუც.
პორტუგალიელებს არ ჰყავთ გამოცდილი კლათბურთელი და ნაკრების უცვლელი წევრი, 32 წლის ელვის ევორა, რომელიც ტრავმირებულია.
თუმცა ნაკრების ის ბირთვი, რომელმაც 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, უცვლელია. ესენი არიან: მარიო ფერნანდესი, მიგელ მინავა, ჟოაუ გომეში, ჟოაუ სანტოში, ჟორჟე კოელიო, მიგელ მირანდა და ფრანსისკო ჟორდაუ.
 

ჰაშიმ ევანსი
გარეთა სურათზე: პორტუგალიელთა
თავკავი მონჩო ლოპესი
 
პორტუგალიელთა სრული შემადგენლობა კი, სადაც ერთი ლეგიონერიც კი არაა, ასე გამოიყურება:
 
მარიო ფერნანდესი (მადეირა), პედრო პინტუ (ბარეირენშე), მიგელ მინავა (ბენფიკა), მიგელ გარსია (ბარეირენშე), კარლოს ანდრადე (პორტუ), ხაიმე სილვა (გიმარაეში), ჟოაუ გომეში (ბრეგანი), ჟოაუ სანტოში (ბენფიკა), ჰაშიმ (ევანსი (ბენფიკა), ხორხე კოელიო (პორტუ), მიგელ მირანდა (ონარენშე), ნუნუ კორტესი (ოვარენშე), დავიდ გომეში (პორტუ), ანდრე პინტუ (ოვარენშე), ფრანსისკო ჟორდაუ (ოვარენშე).