“დალასმა” “ოკლაჰომასთან” შინ წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა

“დალასმა” “ოკლაჰომასთან” შინ წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა

ოკლაჰომა სიტიში დიდ ბრძოლაში მოგებული სერიის მეორე მატჩის შემდეგ დალასელებმა მოედნის უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. სერიის მე-3 მატჩში, შინაურ არენაზე მავერიკსმა 102:131 წააგო ტეხასში განრისხებით ჩასულ ოკლაჰომასთან და საერთო ანგარიშით – 1:2 ჩამორჩა. დალასელებს მოგების შანსი არ ჰქონიათ.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა პირველი პერიოდი 6 ქულით წააგო, დიდ შესვენებაზე უკვე 10-ით აგებდა, მატჩის ბოლომდე კი ეს სხვაობა 29-ამდე ავიდა. მიუხედავად მარჯვენა მუხლის ტკივილისა, დირკ ნოვიცკიმ ითამაშა და დალასელებს 16 ქულა შესძინა. საუკეთესო შედეგი 22 ქულით ვესლი მეთიუზმა დააფიქსირა, ხოლო რეიმონდ ფელტონის ანგარიშზე 18 დაგროვდა.
ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა მთელი ქულები საჯარიმოს ხაზიდან მოაგროვა. ზაზამ 6-დან 5 ბონუს-სროლა ჩააგდო, ხოლო ერთადერთი ორქულიანი – ააცილა. გამარჯვებულ ოკლაჰომელებს, რა თქმა უნდა, კევინ დიურანტმა და რასელ ვესტბრუკმა ულიდერეს. პირველმა 34 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორემ – 26 ქულა და 15 პასი.
სერიის მე-4 მატჩს ისევ დალასი – 24 აპრილს უმასპინძლებს.