7 სექტემბერი ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში დასვენების დღეა. საქართველოს, საბერძნეთს, ჰოლანდიას, სლოვენიას, მაკედონიას და მასპინძელ ხორვატიას საწყისი 2 ტურის შემდეგ დასვენების საშუალება აქვთ და საქმე ისაა,ამას ვინ როგორ გამოიყენებს. დასვენების დღეს C ჯგუფის ყველა გუნდმა „ზაგრებ-არენაზე“ ივარჯიშა. ქართველებს დარბაზის კარი 18:30 საათზე გაუღეს, მანამდე კი „ზაგრებ-არენაზე“ სლოვენიამ ივარჯიშა.
იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა საქართველოს ნაკრები კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშეს. ფიზიკურმა მომზადებამ მცირე დრო წაიღო. მოთამაშეებმა მხოლოდ გაწელვები გააკეთეს და გამოყოფილი საათნახევარი კომბინაციების დამუშავებას დაუთმეს. ვარჯიშის დროს ხშირად გაიგონებდით გვარებს პაპანიკოლაუ, ბურუსისი, პრინტეზისი… მწვრთნელთა შტაბმა საბერძნეთის თამაშს ანალიზის შედეგად შესაბამისი კომბინაციები შეიმუშავა, რომელთა შესრულებაც ხვალინდელ მატჩში ქართველ კალათბურთელებზეა დამოკიდებული.
საქართველოს ნაკრებს ვარჯიში ხვალ, 8 სექტემბერს, დილის 10 საათზე, „ციბონას“ დარბაზში აქვს დანიშნული. საბერძნეთთან მატჩი კი 18:00 საათზე, „ზაგრებ არენაზე“ დაიწყება.