საქართველოს კიდევ 2 ფიბას ლიცენზიატი მწვრთნელი შეემატა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამა (FIBA Europe Coaching Certificate) დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ წარმატებით დაასრულეს, რის შემდეგაც შესაბამისი სერტიფიკატები ფიბა-ევროპის პრეზიდენტ ხორხე გარბახოსასა და აღმასრულებელი დირექტორისგან – კამილ ნოვაკისგან ჩაიბარეს.
აღნიშნული პროგრამა 3-წლიანია და ის ასაკობრივ ჩემპიონატებზეა გადანაწილებული. იგი იწყება 16-წლამდელთა ჩემპიონატზე, შემდეგ ზაფხულს გრძელდება 18-ებზე და დასკვნითი სემინარები უკვე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას იმართება. შესაბამისად, ნოზაძემ და ბაქრაძემ თავის ბოლო, გამოსაშვებ სემინარებს საბერძნეთში, ევროპის 20-წლამდელთა A დივიზიონის მსვლელობისას დაესწრნენ.
ეს გახლდათ ერთგვარი შეჯამება იმისა, რაც წინა წლებში მწვრთნელებმა ისწავლეს. პროგრამის მონაწილეებს ნოემბრის თვეში ურიგდებოდათ დავალებები, რომლებსაც იანვრისთვის ფიბა-ში აგზავნიდნენ და ამ ყველაფერში შეფასებებს იღებდნენ. ეს ყველაფერი ჯამდებოდა და მას ემატებოდა მთავარი – შემაჯამებელი გამოცდები, რომლებიც 3 ტიპის გახლდათ – წერითი, ზეპირი და პრაქტიკული. მონაწილეებს ვარჯიშები უნდა ჩაეტარებინათ.
პროგრამის რამდენიმე მონაწილემ სერტიფიკატის მისაღებად საჭირო ბარიერი ვერ დაძლია, რაც ქართველებს არ ეხებათ. ბაქრაძემ და ნოზაძემ წარმატებით გაართვეს თავი ყველა დავალებას და FIBA Europe Coaching Certificate-ს მფლობელები გახდნენ. პროგრამის მსვლეობის მანძილზე მონაწილეებს არაერთი ცნობილი მწვრთნელი ჰყავდათ ლექტორად – პაბლო ლასო, ანდრეა ტრინკიერი, ისრაელ გონსალესი, მარკო რამონტინო, ნენად ტრუნიჩი და სხვანი.
“ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც იმ საკალათბურთო სპეციალისტების სახელებიდანაც ჩანს, რომლებიც გვასწავლიდნენ – განაცხადა დავით ნოზაძემ – სწავლა ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული იყო, თუნდაც ის საშინაო დავალებები, რომლებსაც ყოველი სემინარების შემდეგ გვაძლევდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომლებიც ამ 3 წლის მანძილზე ჩამოგვიყალიბდა პროგრამის მონაწილე დაახლოებით 60 ევროპელ მწვრთნელთან. მე პირადად პროგრამით გაცნობილ მწვრთნელებთან ურთიერთობა საქმიანად გამოვიყენე განვლილი 2 წლის მანძილზე. ერთმანეთთან კონტაქტზე ვართ და პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებში ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება და საშუალება იმისა, რომ თუ რეალურად გინდა, წარმატებას მიაღწიო სამწვრთნელო მიმართულებით”.
