დავით უსტიაშილი: თურქეთმა სიმაღლეში დაგვჯაბნა

დავით უსტიაშილი: თურქეთმა სიმაღლეში დაგვჯაბნა

მიუხედავად დიდი სხვაობით დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ თურქეთის ნაკრებთან ვერაფერს გახდა. მეტოქეს სიმაღლეში იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ მისი დამარცხება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. თურქებმა ქართველებზე ორჯერ მეტი (46–23) ბურთი მოხსნეს და ამის ფონზე დამსახურებულად გაიმარჯვეს. ქართველებს ძალები მხოლოდ პირველ ტაიმისთვის გასწვდათ, რომელიც მხოლოდ 3 ქულით წააგეს. აი, მეორე მეოთხედიდან კი თურქებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის შემდეგ სლოვენიაში დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით…
 

 
– ძალიან ძლიერ მეტოქეს შევხვდით. თურქებმა გუშინ ესპანეთთან 19 ქულით წააგეს, მაგრამ სულაც არ ყავთ სუსტი გუნდი. მეტოქემ უმთავრესად სიმაღლეში დაგვჯაბნა, რის გამოც წავაგეთ კიდეც.
 
– სხვა კომპონენტებში თუ აჯობეთ მეტოქეს?
 
– როცა საკუთარ ფარზე 26 ბურთს მოგიხსნიან, წარმატების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთბდნენ, პოზიციურად სწორად მოქმედებდნენ, მეტოქის სროლის დროს მოწინააღმდეგეს კეტავდნენ, მაგრამ სიმაღლეში დიდ სხვაობას ვერაფერს უხერხებდნენ. კი იყო  თურქი მეტოქე გადაკეტილი, მაგრამ მას სიმაღლეში იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ბურთს მაინც ხსნიდა.
 
– პირველი ტაიმი მხოლოდ 3 ქულით დათმეთ. ერთ ეპიზოდში ჩამორჩენა მინიმუმამდეც შეამცირეთ. რის ხარჯზე მოხერხდა ეს?
 
– პირველი ტაიმის ბოლო წუთებში კარგად ვითამაშეთ. როცა სიმაღლეში შანსი არ გვქონდა, სწრაფ შეტევებზე და შორ სროლებზე გავაკეთეთ აქცენტი. იმ ეპიზოდში სროლებიც წაგვივიდა და ცოტაც რომ გაგვმართლებოდა, პირველ ტაიმს მოვიგებდით. თუმცა ყველა სროლა არ ჩავარდება და მეორე ტაიმში თურქებმა ისევ და იდევ სიმაღლის ხარჯზე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.
 
– მოხსნების გარდა დაკარგვებიც ბევრი გქონდათ…
 
– განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა 17 ბურთი დავკარგეთ. ბიჭებმა შეცდომებს უხშირეს, მაგრამ ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ.
 
– ბექა ბურჯანაძემ მეორე ტამში ბურთი ვეღარ ჩააგდო, არადა, პირველ ტაიმში 12 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა…
 
– ბექამ პერსონალურები მიიღო და მოედნიდან გავიყვანე, მერე კი მიზანი გაუმრუდდა და რამდენიმე სროლა ააცილა.
 
– ტრავმა ხომ არ მიიღო?
 
– ბურჯანაძემ არა, მაგრამ ბოქოლიშვილმა ფეხი იტკინა, ხოლო დუდა სანაძემ – მხარი. სერიოზული ტრავმები არ ჩანს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ხვალისთვის როგორ ფორმაში იქნებიან და შეძლებენ თუ არა ესპანეთთან მოედანზე გასვლას.