დავით უსტიაშვილი: ბოსნიასთან ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილები ვართ

დავით უსტიაშვილი: ბოსნიასთან ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილები ვართ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა ბოსნიასთან. ამ გამარჯვებას იმიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ქართველებმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე იწამყვანი მოთამაშეების გარეშე დაამარცხეს. ფაჩულია და შენგელიას არყოფნას შეჩვეულ საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან დღევანდელ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილიც აკლდა, ხოლო მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა რიკი ჰიკმანი. ჰიკმანის ტრავმისა და ბოსნიელებთან გამარჯვების ამბების გასაგებად სლოვენიაში დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ…

– რამდენად სერიოზულია რიკი ჰიკმანის ტრავმა?
– ჰიკმანმა მეორე მეოთხედში, დაახლოებით 12 წუთი თამაშის შემდეგ ფეხი ამოიბრუნა. ის სასწარაფოდ შევცვალეთ და საქმეში ექიმები  ჩაერთვნენ. წინასწარი დათვალიერებით სერიოზული ტრავმა არ ჩანს, რეალური სურათი კი ხვალ გამოჩნდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და ჰიკმანი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება.
– რას იტყვით მის და ზოგადად საქართველოს ნაკრების თამაშზე?
– ჰიკმანმა 12 წუთში 10 ქულა მოაგროვა და ალბათ გაცილებით მეტი ექნებოდა, ტრავმა რომ არ მიეღო. ის კარგი მოთამაშეა და თუკი მწყობრში იქნება, დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, ყველას გარჯით კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით ახალგაზრდების – ოთარ ფხაკაძის, დუდა სანაძის. კარგად ითამაშა ბესიკ ლეჟავამაც. ამ 3 კალათბურთელის ანგარიშზე ჯამში 26 ქულაა.
– მატჩის გადამწყვეტი წუთები როგორ წარიმართა?
– ბოლო წუთზე 1 ქულით ვაგებდით, როცა შეტევა გავაცუდეთ, თუმცა ვიქტორ სანიკიძემ დაამატა და ქულით დაგვაწინაურა. შემდეგ დაცვაში ბურთი ავიღეთ და ბოსნიელები ლეჟავაზე დაჯარიმდნენ, რომელმაც მტკიცე ნებისყოფა გამოავლინა და ორივე საჯარიმო ჩააგდო.  ამის შემდეგ, დარჩენილ წამებში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ 3 ქულით გავიმარჯვეთ. ხვალ საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც 2 ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება – სერბეთი და საფრანგეთი.