დავით უსტიაშვილი: ლატვია დაცვის ხარჯზე დავამარცხეთ

დავით უსტიაშვილი: ლატვია დაცვის ხარჯზე დავამარცხეთ

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა რიგაში ლატვიის დამარცხებით D ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და კონტინენტის პირველობაზე პირდაპირ მოხვდა. ჩვენსავე ჯგუფში ბოსნიამ რუმინეთი გაანადგურა და პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა ეს პირველ-მეორეობა მხოლოდ პირობითია. ორივე გუნდმა ევროჩემპიონატის საგზური მოიპოვა. შესარჩევ ტურნირში საქართველოს ერთი მატჩი აქვს დარჩენილი, რომლის შედეგსაც მნიშვნელობა დაკარგული აქვს. საქართველომ 11 სექტემბერს ჰოლანდიასთან რომც წააგოს, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს. ლატვიის დამარცხების შემდეგ რიგაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით…
 

 
– ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.
 
– რის ხარჯზე მოახერხეთ გამარჯვების მიღწევა?
 
– გამარჯვების მიზეზი არის დაცვითი თამაში. ჩვენმა გუნდმა კარგად შეასრულა დაკისრებული ამოცანა და ლატვიის მისსავე მოედანზე დამარცხება მოახერხა. გამარჯვებას კარგი დაცვითი თამაშის შედეგად მივაღწიეთ. მაშინაც კი, როცა ბოლო პერიოდში ანგარიშში ჩამოვრჩით, დაცვითი ტაქტიკისთვის არ გვიღალატია. კარგმა დაცვამ შეტევაშიც გაგვიხსნა ხელ-ფეხი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
 
– დაგვრჩა ჰოლანდიასთან მატჩი…
 
– ამ მატჩს მნიშვნელობა დაკარგული აქვს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს დაპირისპირება მოვიგოთ. მინდა გულშემატკივრებს მოვუწოდო, რომ მოვიდნენ სპორტის სასახლეში და ერთად ვიზეიმოთ ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.