გერმანიისა და საქართველოს საკონტროლო მატჩის შემდეგ ლაიფციგში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ, რომელსაც პირველ რიგში ზაზა ფაჩულიას უთამაშებლობის მიზეზი ვკითხეთ…
– როგორც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ფედერაციის ვებ–გვერდთან საუბარში აღვნიშნე, ფაჩულიას კუნთი ჰქონდა დაჭიმული. მე კი ვთქვი, რომ სერიოზული არაფერია და ზაზა ითამაშებდა, მაგრამ მოედანზე არ გავიდა. სერიოზული მართლაც არაფერია, მაგრამ ექიმების რჩევით, მაინც თავი შევიკავეთ მის დატვირთვისგან. რამდენიმე დღეში პირველი ოფიციალური მატჩი გველის და ვერ გავრისკავდით. დაჭიმული კუნთი რომ გამიზეზებოდა და უფრო სერიოზულ ტრავმაში გადაზრდილიყო, ამის ალბათობა არსებობდა და ამიტომ მწვრთნელთა შტაბმა ფაჩულიას დასვენება გადაწყვიტა.
– ალბათ გაგიჭირდათ ფაჩულიას გარეშე…
– რა თქმა უნდა, გუნდის ხუთეულის წევრის არყოფნა უარყოფითად აისახა, მით უფრო, რომ გერმანელებს საკმაოდ ტანმაღალი მოთამაშეები ჰყავთ და ხშირად აქცენტსაც ამ კომპონენტზე აკეთებდნენ. მიუხედავად ზაზას არყოფნისა, მინდა ვთქვა, რომ გუნდმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლა და მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. თუმცა აქამდე არაერთხელ ნათქვამ გავიმეორებ და აღვნიშნავ, რომ მოგებაზე მეტად ჩვენ სათამაშო დისციპლინის, კომბინაციური თამაშის დახვეწა გვსურდა, რაც გამოგვივიდა კიდეც. თამაშის მსვლელობისას ვიმუშავეთ დაცვით ტაქტიკაზე, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ერთ ეპიზოდში გერმანიამ 5 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩაგვიგდო. ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო და მისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯები რამდენიმე ეპიზოდში აშკარად მასპინძლებს მიუდგნენ. არ მიყვარს მსაჯებზე რაღაცეების გადაბრალება, თუმცა გერმანიასთან შეხვედრაში რამდენჯერმე მასპინძლებზე აშკარა მიკერძოებას ჰქონდა ადგილი. მაგრამ არაფერია. ამის გამო არაფერი დაქცეულა. მთავარი ის იყო, ორმ გუნდის წევრებმა კიდევ ერთ სერიოზულ მეტოქესთან ბრძოლაში გამოცდილება მიიღეს და შეთამაშდნენ.
– მატჩის ბომბარდირი გახდა ჯეიკობ პულენი, რომელმაც ძირითადში ადგილი კორი ფიშერთან კონკურენციაში მოიპოვა.
– პულენი შესანიშნავი მოთამაშეა. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია და იმედი გვაქვს, რომ შესარჩევ მატჩებშიც დაგვეხმარება.
– მან გამთამაშებლად ითამაშა თუ მსროლელის პოზიციაზე?
– იყო მომენტები, როცა გიორგი ცინცაძე და ჯეიკობ პულენი მოედანზე ერთად იმყოფებოდნენ, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. პულენი გამთამაშებელია და ძირითადად პირველ ნომრად ითამაშებს. მას როგორც ქულების დაგროვების ალღო აქვს, ისეთივე წარმატებით შეუძლია ბურთის გათამაშება და პასების დარიგება.