დავით უსტიაშვილი: საქართველოში ამაღლებული განწყობით ვბრუნდებით

დავით უსტიაშვილი: საქართველოში ამაღლებული განწყობით ვბრუნდებით

ტურნირის ბოლო მატჩში კარგად ვითამაშეთ, დამაჯერებლად დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საქართველოში ამაღლებული განწყობით ვბრუნდებით – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, როცა „ვილანოვას“ 33 ქულით განადგურების შემდეგ ჰოლანდიაში დავუკავშირდით. სამწვრთნელო შტაბს კარგი განწყობისთვის ფრიადი მიზეზი აქვს – საქართველოს ნაკრებმა ბავშვივით დაჩაგრა გუნდი, რომელმაც 2 დღის წინ ისრაელის ეროვნულ ნაკრებს მოუგო. ჩვენს ნაკრებს არსებობის ისტორიაში ამაზე დიდი სხვაობით მხოლოდ ლუქსემბურგი და აზერბაიჯანი დაუმარცხებია.
 

 
– ტურნირის ბოლო მატჩი იყო. ისრაელთან წაგების შემდეგ ძალიან გვინდოდა მოგება. მართალია, არაოფიციალური მატჩი იყო, მაგრამ გამარჯვებას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მოვინდომეთ, ვიბრძოლეთ და ბევრისთვის გასაკვირად ამერიკულ გუნდს დამაჯერებლად მოვუგეთ – გვითხრა დავით უსტიაშვილმა.
– რის ხარჯზე მიაღწია საქართველომ ამ წარმატებას?
– დაცვისა და შეტევაში კარგი თამაშით. ორივე რგოლში საკმაოდ მობილიზებულები ვიყავით, თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებდა და შედეგმაც არ დააყოვნა. სიმართლე ითქვას, ამხელა სხვაობას არ ველოდით. „ვილანოვამ“ ტურნირზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა ისრაელს მოუგო.
– ისრაელთან ჩვენს წაგებაზე რას იტყვით?
– პირველი ტაიმი თანაბარი იყო. ებრაელებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს და შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ჩვენ კი თამაში არ წაგვივიდა და ამის გამო დავმარცხდით. ბოლო ათწუთეულში კი მოინდომეს ბიჭებმა და პერიოდი 8 ქულით მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ისრაელი ძალაინ კარგი გუნდია, ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ამიტომაც მიკვირს, თუ როგორ წააგო ამ გუნდმა „ვილანოვასთან“.
– „ვილანოვასთან“ 33-ქულიანი გამარჯვების შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია?
– არა, ოპტიმალურ ფორმამდე კიდევ გვიკლია. განრიგის მიხედვით ჩვენი გუნდი ფორმის პიკზე თვის ბოლოს უნდა ავიდეს. სწორედ მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატი იწყება. მანამდე კიდევ არაერთი მატჩია, საკმაო დროა სავარჯიშოდ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ. მიუხედავად დღეს მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებისა, არ მინდა გული დავიმშვიდოთ და მოვეშვათ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. პირიქით, ახლა უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ ვარჯიშებს, რათა ნაკრები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.
 

ეროვნული ნაკრები თამაშიდან თამაშამდე პროგრესს განიცდის 
 
– ნაკრების პროგრესის ტემპებით კმაყოფილი ხართ?
– წინსვლა აშკარაა და ეს უთუოდ მისასალმებელია. ოციოდ დღის წინ პირველი ამხანაგური მატჩი რომ ვითამაშეთ ავსტრიასთან, იმასთან შედარებით ნაკრებს ძალიან მომატებული აქვს. პროგრესი იმ ტემპებით მიმდინარეობს, რაც ნერვიულობის საფუძველს არ გვაძლევს. დარჩენილ 4 ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები დღევანდელზე გაცილებით ბრძოლისუნარიანი და ძლიერი გუნდი იქნება.
– გუნდს როგორ შეეწყო და რა ამპლუის მოთამაშეა ამერიკელი მარკიზ ჰეინსი?
– ჰაინსი კარგი მოთამაშე და პიროვნებაა. ის ჩვენს ნაკრებს კარგად შეეწყო როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ერთი ოჯახივით არის მოთამაშეებთან. მას შეუძლია როგორც გამთამაშებლად, ისე ორ ნომერზე, მსროლელად თამაში. სამწვრთნელო შტაბმა ჰეინსი ორივე პოზიციაზე გამოსცადა და მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას.
 

მარკიზ ჰეინსი უნივერსალი უკანახაზელია
 
– რომელ მატჩებში იყო ჰეინსი გამთამაშებელი?
– ჰოლანდიასთან და დღევანდელ მატჩი…
– ანუ მოგებულ თამაშებში…
– მართალია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენმა ნაკრება მხოლოდ ამის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვებები. წარმატებას გუნდური ძალისხმევით მივაღწიეთ. წინ არაერთი მოსამზადებელი მატჩია და ჰეინსს კიდევ მოუწევს გამოცდა, რათა საბოლოოდ გადავწყვიტოთ, თუ რომელ პოზიციაზე უფრო სასარგებლო იქნება იგი ნაკრებისთვის.
– როდის გახდება ცნობილი ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა?
– ხვალ თბილისში ვბრუნდებით, ზეგ ისრაელს ვეთამაშებით. 21 აგვისტოს ლატვიაში მივემგზავრებით, სადაც უკვე საბოლოო შემადგენლობით წავალთ.