დებიუტი შედგა!

დებიუტი შედგა!

ეს არის ბოლო წერილი, რომელსაც ლიტვიდან ვწერ. საქართველოსთვის ევრობასკეტი დასრულებულია, ისევე როგორც გერმანიისთვის, თურქეთისთვის და ფინეთისთვის. სწორედ ამ გუნდებთან ერთად გამოეთიშა საქართველო ევროპის ჩემპიონატს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული 12 ნაკრებიდან 8 საუკეთესო მეოთხედფინალიდან აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. პლეი ოფში გასული გუნდები დღეს  ვილნიუსიდან დასავლეთისკენ აიღებენ გეზს და ჩავლენ ლიტვის საკალათბურთო მექაში – კაუნასში, სადაც გამოვლინდება კიდეც კონტინენტის უძლიერესი გუნდი.
 
საქართველოს ნაკრები ლამის განახევრებული ტოვებს ჩემპიონატს. ვილნიუსში ჩვენთვის ყველა მატჩი ჩვეულებრივზე დიდ ხანს გრძელდებოდაო – აღნიშნა საბერძნეთთან ბოლო მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა და ძნელია, არ დაეთანხმო. საქართველოს ნაკრები ისედაც დებიუტანტია და ასეთი მაღალი დონის ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნია – თანაც, კოკოშკოვის გუნდს დაემართა ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ნაკრებისთვის იქნებოდა მძიმე. წარმოიდგინეთ, გერმანიას რომ ნოვიცკი და ძირითადი გამთამაშებელი გამოაკლდეს. დაახლოებით ესეთი რამ შეემთხვა ჩვენს ნაკრებს, როცა პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ზაზა ფაჩულია დაკარგა, ხოლო მომდევნო შეხვედრის მეორე მეოთხედში გიორგი ცინცაძეც დაშავდა.
 
საქართველოს ნაკრებს სწორედ მაშინ გამოაკლდა მთავარი დამრტყმელი ძალა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 გუნდიდან საქართველო 12 საუკეთესოში მოხვდა და იმის შნოც ჰქონდა, კიდევ წინ წასულიყო, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ ის მოახერხა, რომ თორმეტეულში ღირსეულად წარმოაჩინა თავი. დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო კარგად ჩანს, თუ რამხელა გმირობა იყო მაკედონიასთან 14–ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბება. გინდა იქიდან მიუდექი, გინდა აქედან – როცა გუნდი ბოლო წამზე აგდებს ბურთს და იმის წყალობით იგებს, მას უმართლებს. ანუ მაკედონიას საქართველოსთან გაუმართლა და მოიგო, ხოლო მაკედონია რა გუნდიცაა, ყველამ კარგად დავინახეთ – ექსიუგოსლავიელებმა ჩვენს მერე სლოვენია იოლად დაამარცხეს, ხოლო წუხელ რუსეთიც დაჩოქებული ჰყავდა, რომ არა სერგეი მონიას სირენის თანხლებით შესრულებული სასწაულებრივი სამქულიანი.
 
ჯერ კიდევ კარგა ხანი უნდა გავიდეს, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა მოხდა ლიტვაში. საქართველოს დებიუტი კონტინენტის პირველობაზე შედგა და აქაურ სპეციალისტებს თუ არ ვენდობით, ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და ვიკითხოთ: შარშან, ევროშესარჩევი ტურნირი რომ იწყებოდა, იფიქრებდით, რომ ფინალურ ეტაპზე ვითამაშებდით და ჯგუფიდან გავიდოდით?