დღეს, 4 დეკემბერს, მიუნხენთან მდებარე პატარა ქალაქ ფრეისინგში ფიბა-ევროპის ხელმძღვანელები ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრას მოაწყობენ.
ღონისძიება თბილისის დროით 13:45 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრებების გარდა, ასევე ჩატარდება ევროპის სამი ასაკობრივი ჩემპიონატის (16, 18 და 20-წლამდელები) კენჭისყრა.
წილისყრაზე დასასწრებად საქართველოდან სამკაციანი დელეგაცია გაემგზავრა: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ბესიკ ლიპარტელიანი, გენერალური მდივანი – მერაბ რატიშვილი და საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირაკლი სამყურაშვილი.
კენჭისყრის შედეგად, შეიქმნება ხუთგუნდიანი ხუთი და ექვსგუნდიანი ერთი ჯგუფი (რომელშიც მეექვსე ისლანდია იქნება). თითო ქვეჯგუფიდან სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი მიიღებს. შედეგად, 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში გასამართი შესარჩევი ეტაპიდან 2013 წლის ევრობასკეტის ლიცენზიას 16 ნაკრები მიიღებს. სულ კი ფინალურ ეტაპზე 24 მონაწილეა.
შესარჩევი ეტაპის 16 ნაკრებს დაემატება 8 ტოპ-გუნდი, რომლებმაც ევროპის 2011 წლის პირველობაზე საუკეთესო შედეგები უჩვენეს: ევროპის ჩემპიონი – ესპანეთი და ფინალისტი – საფრანგეთი ლონდონის ოლიმპიადაზე დამატებითი მატჩების გარეშე მოხვდნენ.
ასევე გარანტირებული აქვთ ლონდონში თამაში სლოვენიას (2013 წლის ევრობასკეტის მასპინძელს) და დიდ ბრიტანეთს (ოლიმპიადის მასპინძელს). 2012 წლის ივლისში გასამართ ოლიმპიადის საკვალიფილაციო ტურნირზე ოთხი ევროპული ქვეყანა იასპარეზებს: რუსეთი, მაკედონია, ლიტვა და საბერძნეთი. ყველა, ვინც ოლიმპიურ ბატალიებშია ჩაბმული, ავტომატურად მიიღებს ევრობასკეტი-2013-ზე თამაშის უფლებას.
ევროშესარჩევი 2012 წლის 15 აგვისტოს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. მატჩები სამ დღეში ერთხელ ჩატარდება. 2013 წლის ევრობასკეტი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენწისყრისათვის გუნდები კალათებში ასე გადანაწილდნენ
I კალათა: სერბეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, საქართველო, ხორვატია.
II კალათა: უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია, ისრაელი, იტალია.
III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.
IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, ავსტრია, აზერბაიჯანი.
V კალათა: ბელარუსი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი.
VI კალათა: ისლანდია.