“დინამო თბილისი” ბადალონაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგიდან ფიბა-ს თასზე გადაინაცვლა

“დინამო თბილისი” ბადალონაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგიდან ფიბა-ს თასზე გადაინაცვლა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთხოვა. ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში დინამოელებმა ორრაუნდიანი ბრძოლა ესპანეთის უმაღლესლიგენ „ხუვენტუტთან“ დათმეს. როგორც გახსოვთ, პირველი შეხვედრა 19 სექტემბერს თბილიში სტუმართა გამარჯვებით – 72:60 დასრულდა, გუშინ კი საპასუხო შეხვედრა ბადალონაში გაიმართა, სადაც ისევ „ხუვენტუტმა“ – ამჯერად 86:66 იმარჯვა.

თბილისური გუნდი ისევ ბოლო პერიოდში გატყდა, მანამდე კი მოგების შანსს ინარჩუნებდა. პირველი ნახევარი „დინამომ“ სულაც მოიგო – 36:33, თუმცა მესამე პერიოდში ლიდერობა დათმო, ხოლო ბოლო მეოთხედში დიდი სხვაობით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ მსაჯები საკამათო სიტუაციებში მასპინძელთა მხარეს იჭერდნენ, რამაც ისედაც ფავორიტ ბადალონელებს საქმე გაუიოლა. საბოლოოდ მასპინძლებმა 20 ქულით მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.
თბილისელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანად საქართველოს ნაკრების წევრ ილია ლონდარიძე გაისარჯა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. სერბ ლეგიონერ ნიკოლა გაჩეშას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 14 ქულა, 9 მოხსნა, მიხეილ ბერიშვილმა კი 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგიდან კი გამოვარდა, მაგრამ „დინამო“ ევროსეზონს განაგრძობს. დებულების თანახმად, ხსენებული ტურნირის საკვალიფიკაციოდან გავარდნილი გუნდები ფიბა-ს თასზე ინაცვლებენ. ცნობილია, რომ „დინამო“ ამ ტურნირის პირველ მატჩს 18 ოქტომბერს, თბილისში გამართავს, თუმცა რომელი გუნდები იქნებიან ჯგუფში თბილისელთა მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა.