საინტერესოდ დაიწყო სუპერლიგის მეორე წრე. ბათუმში ჩასულმა „დინამომ“
დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძლებს და ცოტაც რომ მოენდომებინა, ხმაურიან
გამარჯვებას იზეიმებდა.
შეხვედრა მოსალოდნელად, მასპინძელთა უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ
მეორე მეოთხედში დინამოელებმა ძალიან შემტევი და გამართული კალათბურთი ითამაშეს.
ათწუთეული 41:19 მოიგეს და პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით დაწინაურდნენ.
დინამოელებს წინამძღოლობდა 17 წლის დუდა სანაძე, რომელმაც პირველ
ტაიმში 22 ქულა მოაგროვა. ის ფაქტობრივად არ აცილებდა ბურთს და თავისიანებს
ლიდერობაც დაუბევა.
მეორე ტაიმში მასპინძლები გამოფხიზლდნენ. დავით იმნაძემ, რომელმაც
მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა 23 მოხსნით, ფარს არავინ გააკარა. ბათუმელებმა
მესამე მეოთხედის ბოლოდ ერთქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და გადამწყვეტ ათწუთეულში
საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს.
სანაძეს საბოლოოდ 35 ქულა დაუგროვდა, ხოლო ბათუმელთა ცენტრ იმნაძემ
პირად ანგარიშზე 23 მოხსნასთან ერთად 33 ქულაც ჩაიწერა.
ერთი ტრანსფერის ამბავიც: “დინამოს” დაუბრუნდა დავით ხანიაშვილი, რომელიც გასულ სეზონში დინამოელებთან იყო, მაგრამ ამ ჩემპიონატის დაწყებამდე სსაუ–ში გადავიდა. აგრარულში ხანიაშვილს ძირითადად სათადარიგოდ ყოფნა უწევდა და იგი თავის ძველ გუნდს დაუბრუნდა.
მე–10 ტურის დანარჩენი მატჩები 3 თებერვალს თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართება.
მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=180