დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლესლიგელ “პისტოიაში” გააგრძელებს

დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლესლიგელ “პისტოიაში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. სერია „ა“-ს კლუბმა „ფლექს ფისტოიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომ ქართველ მსროლელთან კონტრაქტი გააფორმა. დუდამ ხელშეკრულება მიმოწერით გააფორმა, ხოლო დოკუმენტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც სანაძე იტალიაში ჩავა და სამედიცილო შემოწმებას წარმატებით გაივლის.

შეგახსენებთ, რომ სანაძემ გასული სეზონი სლოვენიურ “პრიმორსკაში” გაატარა და გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა: 17.2 ქულა, 2.9 მოხსნა, 1.3 პასი და 1.2 ჩაჭრა. სულ ახლახანს დუდამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 10.8 ქულას, 2.0 მოხსნას, 1.2 პასს და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. “სანაძის სახით ძალიან საჭირო კალათბურთელი დაგვემატა. ის ახალგაზრდაა, თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. კარგია ისიც, რომ დუდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატიდან მოდის და კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სეზონისთვის მზადება ცოტა გვიან დავიწყეთ, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ამასთან, სანაძეს ორ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაში შეუძლია, რაც გუნდისთვის იდეალური ვარიანტია”, – განაცხადა “ფლექს პისტოიას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ესპოზიტომ.
სანაძე ახლა თბილისში იმყოფება და იტალიის სამუშაო ვიზის მოლოდინშია, რომლის მიღების შემდეგაც აპენინის ნახევარკუნძულზე გაემგზავრება და თავის ახალ კლუბს შეუერთდება.