საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის სახელობის რიგით მეხუთე მემორიალით დაიწყო. პირველ დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან აღსანიშნავი გახლდათ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, რუსთავის “აზოტის” დამაჯერებელი გამარჯვება სსუ-ს წინააღმდეგ მატჩში.
დავით უსტიაშვილის გუნდმა მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა მესამე მეოთხედში მიაყენა, როდესაც მხოლოდ 4 ქულა დააგროვებინა. საბოლოოდ, 77:37 “აზოტის” სასარგებლოდ, რომლის რიგებშიც 12-12 ქულით საუკეთესონი გიორგი მარკოიშვილი და ვახტანგ მინაშვილი იყვნენ.
ნუგზარ ჭეიშვილის თავკაცობით პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა თსუ-მ, რომელმაც “მაკაბის” ბოლო მეოთხედში ერთ-ერთი სათამაშო მონაკვეთი 12:0 მოუგო, შეხვედრა კი თავის სასარგებლოდ 100:67 დაასრულა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო 25 ქულით ბესიკ ლეჟავა იყო. თსუ-ს მეტოქის ლიდერმა გიორგი შერმადინმა ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, მხოლოდ 12 ქულის დაგროვება შეძლო.
დღის უკანასკნელ შეხვედრაში კი თბილისის “დინამომ” ახალგაზრდა მოთამაშეებით დალომპლექტებულ სტუ-ს აჯობა, რომელიც პირველი მეოთხედის მერე 8 ქულას (25:17) იგებდა. “დინამომ” შეხვედრა 79:65 მოიგო.
პირველი დღის შედეგები:
A ჯგუფი
დინამო – სტუ 79:65 (17:25, 16:10, 25:15, 21:15)
B ჯგუფი
აზოტი – სსუ 77:37 (20:12, 16:12, 14:4, 27:9)
თსუ – მაკაბი 100:67 (17:11, 25:20, 20:22, 38:14)