დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული ქუთაისის გუნდია. იმერულმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშა და ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ფინალამდე 3 შეხვედრა გამართა და სამივეში დამაჯერებლად იმარჯვა. ამასთან, შსს-ს ამერიკელი ლეგიონერი რობო კრეპსი ყველასგან მოწონებული და შედეგიანად მოთამაშე კალათბურთელი გახლდათ და ამის გათვალისწინებით დადიანის მემორიალის მოგების რეალურ კანდიდატად შსს ითვლებოდა.
მით უმეტეს, რომ „ქუთაისს“ ფინალში გასასვლელ მატჩში შედარებით გაუჭირდა – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე მოუგო. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. იმერლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს პირველი ტაიმი და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით იგებდნენ. მთავარი, გამარჯვების მომტანი იერიში კი ქუთათურებმა ბოლო მეოთხედში მოაწყვეს, როცა იმერლების უკანახაზელმა გოგა ცეკვავამ შესაშური შედეგიანობით ესროლა შორი სროლები. ცეკვავას სამქულიანებმა იმხელა უპირატესობა დაუბევეს „ქუთაისს“, რომ ბოლო წუთებს აზრი დაეკარგა.
გოგა ცეკვავა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მასვე გადაეცა საუკეთესო დამცველის პრიზი. ქუთაისელებისთვის ეს ტიტული პირველი იყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. შსს-მ შარშან ფინალში რუსთავის „ენერჯი-ინვესტთან“ წააგო და მაშინაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გოგა ცეკვავა გახდა, რომელოიც მაშინ რუსთავულ გუნდში თამაშობდა.
დუდუ დადიანის მემორიალი. თბილისი. 10 ოქტომბერი. ფინალი
შსს 75:93 ქუთაისი
18:21, 13:19, 24:23, 20:30
შსს: ლაფანაშვილი (2), ნიკოლაძე, ლონდარიძე (8ქ, 14მ), თენიეშვილი (4), ტუჯანი (4), წივწივაძე (10), იმნაძე, დვალიშვილი (12ქ, 13მ), კრეპსი (34ქ, 11მ, 3პ), ბოქოლიშვილი (1)
ქუთაისი: ფაშაევი (10ქ, 7პ), ბაბუნაშვილი (12), დიდია (12ქ, 9მ), ცეკვავა (28ქ, 6მ, 6პ), დ. ბარბაქაძე (5ქ, 7მ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (5), კოღუაშვილი (4), მათიაშვილი (17ქ, 5მ, 2დ)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი