დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “კავკასია” გახდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში თსუ 66:54 (სტატისტიკა) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველ ტიტულს დაეპატრონა. კავკასიელებს მოგებული აქვთ “ა” ლიგა, რომელიც სუპერლიგის საგზურს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ დაიმსახურეს კავკასიელებმა წლეულს დუდუ დადიანის მემორიალზე თამაში.
მემორიალის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ სუპერლიგის დებიუტანტს დადიანის თასი მოეგოს. კავკასიამ ეს მოახერხა, რაც იმას ადასტურებს, რომ უმაღლეს ლიგას კონკურენტუნარიანი გუნდი შეემატა. წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს ძალიან კარგი ლეგიონერები ჰყავთ და სწორედ მათი დამსახურებით კავკასიელებმა მოახერხეს ფინალურ მატჩში გამარჯვების მოპოვება.
არადა, თსუ-მ ისე კარგად დაიწყო, რომ ოლიმპიურ სასახლეში მისულ საკმაოდ ბევრ მის ქომაგს ნაადრევად აფიქრებინა ტიტულის მოგება. საწყის 8 წუთში კავკასიამ მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, რაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის ქებული დაცვის დამსახურება გახლდათ. 12:3 – ასე იგებდა თსუ, რის შემდეგაც წივწივაძის გუნდმა 10:0 გაქცევა მოაწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ქულით დაწინაურდა.
თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა, რომელიც კავკასიელებმა ასევე ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 29:27 დაწინაურდნენ. მწირქულიანობა ერთის მხრივ კარგ დაცვით თამაშზე მიუთითებდა, თუმცა არანაკლებ იყო შეცდომებიც, რის გამოც გუნდები ქულების მოხვეჭას ვერ ახერხებდნენ. თსუ-ში ჩინებული დებიუტის შემდეგ თამაში ჩაუვარდა გიორგი ცინცაძეს. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა კავკასიელთა დაცვის ზღუდეს თავი ვერ დააღწია. სწორედ დაცვა იყო ის კომპონენტი, რამაც წივწივაძის გუნდს გამარჯვებამდე მისასვლელი გზა გაუიოლა.
ცალკე თემაა კრის მაკნილი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა სამქულიანებმა კავკასიას მესამე პერიოდის მიწურულს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბევა, თუმცა თსუ იოლად არ გატყდა. ებრიან ედვარდსისა და ბექა ბექაურის შედეგიანობით უნივერსიტეტელებმა დასკვნითი მეოთხედის შუაწელში ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა ისევ მაკნილის დრო დადგა, რომელმაც 6 სამიანი და ჯამში 27 ქულა ჩააგდო და კავკასიელებს საქმე გაუიოლა.
ტურნირის MVP-ის ტიტული კრის მაკნილს დუდუ დადიანის ძმისშვილმა, ნიტა დადიანმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალზე დუდუს გარდამავალი თასი კავკასიელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ნიტასთან ერთად სანდრო და ანდრია დადიანებმა გადასცეს. კავკასიას მოთამაშეებმა სეზონის პირველი ტიტულის მოგება საზეიმო ფეიერვერკის ფონზე იზეიმეს.