აკაკი დვალიშვილის საუკეთესო მატჩი რუსეთის ჩემპიონატში. ამ ქვეყნის რანგით მეორე, სუპერლიგა 1-ად წოდებულ დივიზიონში, რომლის წევრ „ნოვოსიბირსკის“ ღისრებასაც რუსთაველი ფორვარდი იცავს, დვალიშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის დებიუტანტ ერევნის „ურტუსთან“ მატჩში აკაკიმ 17 წუთში 20 ქულა ჩააგდო, რითაც ციმბირელთა 100:76 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ერევანში გამართულ მატჩში დვალიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ერევნელებმა, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ 3 სომეხია, მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა „ნოვოსიბირსკს“. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 27:16 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. დვალიშვილის გუნდს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. ქართველ ლეგიონერთან ერთად ციმბირელებში თავი გლებ გოლდირევმა (23 ქულა) და კონსტანტინ პომოგალოვმა (21 ქულა, 8 მოხსა) გამოიჩინეს.
7 მოგებითა და 1 მარცხით „ნოვოსიბირსკი“ ანალოგიური შედეგის მქონე „ირკუტსკთან ერთად“ სუპერლიგა 1-ს ლიდერობს. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი სწორედ „ირკუტსკთან“, 18 ნოემბერს, საკუთარ არენა „სევერზე“ გამართავს.