მოქმედმა ჩემპიონმა დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულის შესანარჩუნებლად.„ენერჯი–ინვესტმა“ დღეს შინაურ კედლებში შანსი არ დაუტოვა აგრარული უნივერსიტეტის გუნდს და ისე იოლად მოუგო, რომ იტყვიან, ოფლიც კი არ გამსოდენია.
ის, რომ ფინალური სერიის ფავორიტი „ენერჯი–ინვესტი“ იყო, ამაზე თავად აგრარელებიც არ დავობდნენ. ფინალური სერიისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ორივე მხარემ თქვა, რომ უპირატესობა რუსთაველებს აქვთ, თუმცა მიხეილ კობეშავიძის სტუდენტური გუნდი ბრძოლას დაგვპირდა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ მატჩში ბრძოლა ვერ ვიხილეთ, იმდენად დიდი იყო მასპინძლების უპირატესობა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდის წევრები ცდას არ აკლებდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ – რუსთაველებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა (15:2), თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ.ძნელია, რომელიმე მოთამაშე გამოარჩიო რუსთაველთაგან – აბსოლუტურად ყველა კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ ამოცანას. ზვიად ბაბიაშვილი ფარქვეშიდან იხვეჭდა ქულებს, რომელსაც უხვად ამარაგებდა პასებით გიორგი გამყრელიძე. დავით უგრეხელიძეც სამწამიანს ამაგრებდა, ხოლო ბესიკ ლეჟავა შორიდანაც ისეთივე სახიფათო იყო, როგორც ფარქვეშა გარღვევებისას.30:10 – ასე სოლიდურად იგებდა „ენერჯი–ინვესტი“ მეორე ათწუთეულის ახალდაწყებულზე და ამაზე ახლოს მეტოქე აღარ მიუშვია. აშკარად ვერ იყო ფორმაში ესპანეთიდან მობრუნებული მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც თამაში აგრარელთა ხუთეულში დაიწყო და რომ ელოდნენ, ისე ვერ დაეხმარა თავის გუნდს.თამაშის ბედი მეოთხე ათწუთეულის დაწყებამდე გადაწყდა და მატჩის ბოლოს მოედანზე სათადარიგოებიც ვიხილეთ. თამაში ისე ჩამთავრდა, ფინალს რომ არ ეკადრება – რუსთაველებმა 45 ქულით იმარჯვეს და ხვალ, ფინალური სერიის მეორე მატჩშიც უპირობო ფავორიტებად ითვლებიან.