ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ესტუმრა

ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ესტუმრა

დღეს, 22 ივლისს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სტუმრიანობა ჰქონდა. დილის ვარჯიშის დროს ჩვენს ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაური და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელაინი სპორტის სასახლეში  ეწვივნენ. მინისტრი ბიჭებს მცირე ხნით ესაუბრა, თუმცა საკმაო დაპირებები მისცა, თუკი ისინი წარმატებით იასპარეზებენ კარსმომდგარ ევროსაკვალიფიკაციოზე.
 
 
ლადო ვარძელაშვილი:” მინდა ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო თბილისის საერთაშორისო ტურნირზე და შემდეგ უკვე A-დივიზიონის მატჩებში. ბიჭებს ვესაუბრე რამდენიმე მიმართულებაზე, რომლებზეც სერიოზულად ვიმუშავებთ. დიდი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურის და სტუდენტური კალათბურთის განვითარებას.
 
გარდა ამისა, კალათბურთი სახელმწიფოსგან ისეთივე მხარდაჭერას მიიღებს როგორც ეს ფეხბურთში და რაგბშია. ნაკრების მოთამაშეებს გავაცანი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც A-დივიზიონში მოგებულ თითოეულ მატჩზე გუნდისთვის 50 ათასი დოლარის გადაცემას ითვალისწინებს. აგრეთვე, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დამატებით 150 ათას დოლარს მიიღებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”.
 
ბესიკ ლიპარტელიანი:” ნაკრები მზადების ეტაპზეა. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გუნდმა თამაშს უნდა მოუმატოს, მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კი ის 12 კალათბურთელი უნდა შეარჩიოს, რომლებსაც ოფიციალური მატჩების დროს განაცხადში შეიყვანს. ასე რომ, სპორტის სასახლეში გასამართ ტურნირს ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”.