ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა

ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა

რამდენიმე წუთის წინ, 11:20 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები აღთქმულ მიწაზე 2 საკონტროლო მატჩის გასამართად მიემგზავრებიან. მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ქართველები ისრაელს უკვე შეხვდნენ. 9 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირზე, კოკოშკოვის გუნდმა 79:77 დაამარცხა ისრაელი.
ამჯერად საქართველო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 26 აგვისტოს ქალაქ ელიათში, ხოლო 28-ში – ჰაიფაში. ქართველებმა აქამდე 7 საკონტროლო მატჩი გამართეს, საიდანაც 3-ში იმარჯვეს, ხოლო 4-ში დამარცხდნენ. ისრაელის შემდეგ ქართველები ლიტვაში გაემგზავრებიან, სადაც, ქალაქ კაუნასში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ისრაელში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელით მიემგზავრება, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ცამტნი წავლენ. 2 ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელიდან ნაკრებს 1 უნდა გამოაკლდეს, ხოლო სლოვენიაში ჩასული 13 კალათბურთელიდან ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ 12 მოხვდება.