საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში ასპარეზობას იწყებს. სლოვენიის ქალაქ როგაშკაში საქართველოსთან და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად თავს უკრაინისა და კანადის ნაკრებები მოიყრიან, რომლებიც ერთმანეთს სპარინგ-მატჩებში დაუპირისპირდებიან.
საქართელოს ნაკრები უკრაინით იწყებს. დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის გასულ ჩემპიონატზე მე-5 ადგილზე გასულ უკრაინას დაუპირისპირდება. ქართველებს წინა, მაკედონიური ტურნირისგან განსხვავებით 2 ახალი მოთამაშე ჰყავს. ეროვნულ გუნდს შეემატნენ თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.
რა განწყობით ხვდებიან ნაკრების წევრები სლოვენიურ ტურნირს, ამაზე სამწვრთნელო შტაბის წევრი, კოტე ტუღუში გვესაუბრება.
– მაკედინიაში ჩატარებული ტურნირისგან განსხვავებით, ეს გაცილებით სერიოზული შეჯიბრია. სლოვენიის ნაკრებზე ლაპარაკი ზედმეტია და უკრაინა და კანადაც არ არიან ნაკლებნი. კანადა სულაც 5 ნბა-ს მოთამაშითაა ჩამოსული.
– გამოდის, საკმაოდ კარგი სპარინგები გამოგივათ…
– დიახ, საკმაოდ სასარგებლო მატჩები გველის, რომლებშიც აქცენტები უფრო სხვა რამეზე გაკეთდება, ვიდრე მაკედონიაში. მართალია, ამ 3 მატჩის შემდეგ კიდევ გველის ამხანაგური მატჩები, თუმცა ეხლა ის პერიოდია, როცა გუნდმა საკუთარი სათამაშო მანერა უნდა შეიმუშავოს. ვნახოთ, რა როგორ წავა, ბევრ რამეს დაგვანახებს ძლიერ ოპონენტებთან თამაში.
– მას შემდეგ, რაც 2 მოთამაშე შეგემატათ, შემადგენლობა 16 კალათბურთელამდე გაიზარდა. თამაშებში 4 მათგანს მოუწევს დასვენება…
– სლოვენიის მატჩის გარდა – კანადასთან და უკრაინასთან ნება დაგვრთეს, რომ განაცხადში 14 კალათბურთელი გვყავდეს. დღეს უკრაინას ვეთამაშებით და ამ შეხვედრის განაცხადში არ იქნებიან მიხეილ ჭოჭუა და მიხეილ ბერიშვილი.
– 16 კალათბურთელი გააგრძელებს შეკრებაზე ყოფნას?
– ამ ტურნირის დასრულების შემდეგ 14 კალათბურთლი ლიტვაში, 2 საკონტროლო მატჩის გასამართად გაემგზავრება, 2 მოთამაშე კი თბილისში დაბრუნდება.