ეროვნული ნაკრები ტრიესტში ჩავიდა (VIDEO)

ეროვნული ნაკრები ტრიესტში ჩავიდა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან ქალაქ ტრიესტში დღეს ჩამოვიდა და სასტუმრო „პორტო სანროკოში“ დაბინავდა.
საქართველოს ნაკრებმა იტალიისკენ გეზი დილის 10 საათზე აიღო. პოდჩეტრტეკიდან ტირესტამდე სავალი გზა საქართველოს ნაკრების ავტობუსმა 3 საათში დაფარა. გზაში შეფერხება არ ყოფილა და ნაკრების ავტობუსი ისე ჩავიდა ტრიესტში, მოთამაშეები არ დაღლილან.

სან როკო, სადაც საქართველოს ნაკრები დაბანაკდა, ტრიესტის გარეუბანია და ზღვისპირას მდებარეობს. სასტუმრო ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებს, სადაც, პორტში, უამრავი მცირე ზომის, კერძო იახტებაა. ნაკრების წევრებმა ადგილობრივი დროით 2 საათისთვის ისადილეს და საღამომდე, სანამ 8-ის ნახევარზე ვარჯიში დაიწყებოდეს, სასტუმროს ნომრებში ისვენებენ.
სლოვენიაში ჩატარებული ერთკვირიანი შეკრების შემდეგ ნაკრები მზადების ახალ დონეზე ავიდა და იტალიაში გასამართი 3 ამხანაგური მატჩი მწვრთნელთა შტაბისთვის მეტად სასარგებლო იქნება, რათა დაინახონ რა გამოასწორდა და რაზე იქნება სამუშაო ევრობასკეტამდე დარჩენილ 3-4 დღეში.
საქართველოს ნაკრები ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე 3 მატჩს გამართავს: 28 აგვისტოს მასპინძელ იტალიას შეხვდება, 29-ში – რუსეთს, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩში ჩვენი მეტოქე იქნება ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი მოწინავე – მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი.