ეროვნული ნაკრების დებიუტანტი როდ აილენდიდან

ეროვნული ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე, რომელიც 20 ივლისს ავსტრიაში იწყება, მიწვეულია ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 19 წლის ლევან შენგელია. იგი 205 სანტიმეტრი სიმაღლისაა, მაგრამ ძალიან ათლეტური და კუნთმაგარია, რაც საშუალებას აძლევს, ფარქვეშ თამამად შევიდეს და ხშირად ყოფილა, ცენტრის პოზიციაზეც წარმატებით უთამაშია საქართველოს ასკობრივ ნაკრებებში. შენგელიამ სულ ახლახან გააფორმა კონტრაქტი ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA, A დივიზიონი) ბინადარ როდ აილენდის უნივერსიტეტის გუნდთან. ის გუშინ დაბრუნდა საქართველოში და დღეს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს ახალგაზრდულ ნაკრებში. შენგელია ჩვენს 20–წლამდელებს 16–26 ივლისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მიეხმარება და შემდეგ ეროვნულ გუნდს ავსტრიაში შეუერთდება. ლევანს გუშინ კალათბურთის ფედერაციაში გავესაუბრეთ…
 

 
– მოგილოცო ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში მოხვედრა?
– დიახ, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია. კლუბმა კონტრაქტი გამიფორმა და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. სამი გამოცდა წარმატებით გავიარე, ხოლო ბოლო ტესტის პასუხები არ ვიცი, თუმცა არა მგონია, უარყოფითი შედეგი მქონდეს და უნივერსიტეტის მიღმა დავრჩე.
– ანუ შენ როდ აილენდის უნივერსიტეტში ისწავლი კიდეც…
– ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ნებისმიერი მოთამაშე, გინდაც კალათბურთის ფენომენალური ნიჭით იყოს დაჯილდოებული, იმ უნივერსიტეტში, რომლის გუნდშიც თამაშობს, უნდა ისწავლოს და გამოცდებიც თავად უნდა ჩააბაროს.
– ეგრეა, თუმცა კალათბურთი უნივერსიტეტში ჩაბარებაში ხომ გარკვეულ წილად ეხმარება სპორტსმენებს?
– შეღავათები, რა თქმა უნდა არის, მაგრამ თუ არ ისწავლე, უნივერსიტეტში არავინ მიგიღებს. ჩემი მიზანი პირველ რიგში კალათბუირთის თამაში იყო და ამერიკაშიც ამ მოტივით ჩავედი. თუმცა ჩემსავით, ანუ კალათბურთით როდ აილენდის უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველი კიდევ 13 ათასი ახალგაზრდა იყო, საიდანაც გუნდში, შესაბამისად უნივერსიტეტშიც, 4 კაცი მოვხვდით.
– შერჩევის პრინციპი როგორი იყო?
– იმ 13 ათასში იყო ისეთებიც, რომლებსაც რომ შეხედავ, ეგრევე შეატყობ, რომ კალათბურთელი ვერ გამოვა და მათ გასინჯვას აზრიც არ ჰქონდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ძირითადად შავკანიანი ბიჭები, რომლებსაც ძალა ერჩოდათ, სტრიტბოლის თამაშით კი კალათბურთთანაც არ იყვნენ მწყრალად და სწორედ ასეთებს მოგვეცა როდ აილენდის გუნდში გასინჯვის შანსი. მე არ მივარჯიშია, ორმხრივი თამაში გაიმართა და მასში მივიღე მონაწილეობა.
– რატომ მაინცდამაინც როდ აილენდის უნივერსიტეტი?
– ამ გუნდის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებიში ჩემი თამაში DVD–ზე ჰქონდა ნანახი და ინტერესიც გამოავლინა. ამაში ჩემი მეგობარი დამეხმარა, რომელმაც მწვრთნელს ჩემი თამაშის დისკი მიაწოდა.
– მანამდე სად იყავი? გასული სეზონი ფაქტობრივად გაგიცდა…
– ამერიკაში იანვარში ჩავედი და ჩრდილოეთ კაროლინის ერთ–ერთ „ჰაი სქულის“ გუნდში ვთამაშობდი. ეს გუნდი ამერიკის ერთ–ერთ სამოყვარულო, 20–წლამდელთა ლიგაში გამოდიოდა. იქ 2 თვე დავყავი და სეზონის დასრულების შემდეგ პირადი მწვრთნელი დავიქირავე და ვემზადებოდი საიმისოდ, რომ სტუდენტური ლიგის რომელიმე გუნდში მოვხვედრილიყავი. მოგეხსენებათ, NCAA–ს 3 დივიზიონი აქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, მათგან უძლიერესში (A) რომ მოვხვდი. თანაც „როდ აილენდი“ არაა მაჩანჩალა – თავის კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა და ერთი ნაბიჯი დააკლდა, რომ ამერიჯის ნაციონალურ ჩემპიონატში, ეგრედ წოდებულ, ფინალურ ეტაპზე ეთამაშა, საიდანაც გუნდები ოთხთა ფინალში გადიან. მინდა ისიც გითხრათ, რომ პოპულარობით სტუდენტური ლიგას ნბა–ს აღემატება. წლევანდელი ლიგის ფინალს კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი – 73 ათასი ადამიანი დაესწრო.
– ამერიკამდე ლიტვაში თამაშობდი. რატომ მოისურვე წასვლა?
– გასული სეზონები ვილნიუსის „აკადემიაში“ გავატარე, სადაც საკმაო წარმატებები მქონდა. უმაღლეს ლიგაშიც გადავედით, მაგრამ მერე მწვრთნელთან ვეღარ შევეწყვე და განაცხადშიც კი არ შევყავდი პირადი ფაქტორების გამო. გასული წლის ნოემბერში საქართველოში წამოვედი მიუხედავად იმისა, რომ „აკადემიასთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა. იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. მაშინ გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა, სადაც, სტუდენტურ ლიგაში, ფიბა–ს კონტრაქტებს არ სცნობენ. სანამ ამერიკაში ვითამაშებ, „აკადემიასთან“ კონტრაქტს ვადაც გაუვა.
– საქართველოში გადმოვინაცვლოთ და გვითხარი, რას ფიქრობ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებზე?
– საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება შარშანდელს. პირიქით, ახლა გამოცდილება მეტი გვაქვს, თანაც 18–წლამდელთა ნაკრებიდან ძალიან ძლიერი მოთამაშეები დაგვემატნენ – შორნიკე შენგელია, კოკა ტომარაძე, გიორგი შარაბიძე. გიორგი შერმადინიც რომ გვყოლოდა, A დივიზიონში გადასვლა ერთი ხელის გაწვდენაზე იქნებოდა, თუმცა შერმადინი ეროვნულ ნაკრებში უნდა იყოს შეკრების პირველივე დღიდან.
– და ახლა როგორი შანსები გაქვთ?
– საერთოდ, B დივსიზიონში რომ ვართ, ეს შემთხვევითობის გამოა. შარშან ბედისწერა იყო, რომ ელიტიდან გამოვვარდით. იტალიას მოვუგეთ და მერე ისრაელთან და სლოვენიასთან თითქმის მოგებული მატჩები წავაგეთ. თუმცა წარსულის გახსენება არ მინდა, ჩვენ ახლაც ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ A  დივიზიონში ავინაცვლოთ. პირადად ჩემი სურვილი მხოლოდ ესაა. მინდა, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში ელიტაში დავასრულო. ჯერ 19 წლისა ვარ და მომავალ წელსაც მიწევს ახალგაზრდული. თუკი თითოეული მოთამაშე თავის შესაძლებლობების 80 პროცენტს გამოავლენს, ელიტარულ დივიზიონშიც იოლად გადავალთ.
– ბოლოს ეროვნულ ნაკრებზე გკითხავ. შენ შეიძლება დებიუტანტად ჩაითვალო…
– დიახ, ასეა. შარშან კი ვიყავი იგორ კოკოშკოვის შეკრებაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარე და შანსი აღარ მომცემია. ფაქტობრივად, ახლა ვარ გამოცდის წინაშე, რადგან შეკრებაზე მიწევს წასვლა,სადაც ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი.
– საკმაოდ ამბიციურად ხარ განწყობილი, რაც კონკურენციას ამძაფრებს…
– კონკურენციას მივესალმები. ვთვლი, რომ ნაკრებში რაკი გამომიძახეს, ამისთვის მზად ვარ. ისიც ვიცი, რომ ძირითადში მოსახვედრად ისეთ კალათბურთელებთან მომიწევს საკუთარი ძალის დამტკიცება, როგორებიც ვლადიმერ ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი არიან, მაგრამ ჩემთვის მოედანზე ყველა ერთია. პირიქით, საკმაოდ დიდი გამოწვევა მივიღე და ერთი სული მაქვს, ეროვნულ ნაკრებს შევუერთდე. შარშან ძირითად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილი და თორნიკე შენგელია მოხვდნენ, რაც ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესზე მიანიშნებს და ეს ძალიან კარგია. ამ გზით ნაკრების თამაშის სტილი და შესაბამისად შედეგებიც შეიცვლება – რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.