საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. სლოვენიაში გავლილი ორკვირიანი შეკრების შემდეგ ნაკრები თბილისში 10 აგვისტოს დაბრუნდა და თბილისის მერიის თასისთვის ემზადება.
წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში საქართველოსთან ერთად იტალიის, ლატვიისა და ესტონეთის ნაკრებები იასპარეზებენ. მატჩები 14, 15 და 16 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
თბილისის მერიის თასის გათამაშება თავისთავად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესის შემადგენელი ნაწილია. ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს ნაკრების სასტარტო ხუთეულის წევრი, თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ექიმების რეკომენდაციით ნატკენ ფეხის კუნთს ასვენებს.
დღეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა მასმედიისთვის ღია ვარჯიში დანიშნა. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ ეროვნული გუნდის წევრებს გასაუბრებოდნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:
ზაზა ფაჩულია: „თბილისის ტურნირს განვიხილავთ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ასევე იყო ბოსნიასთან გამართული მატჩები, რომელთანაც 1 შეხვედრა მოვიგეთ, მეორე კი დავთმეთ. ერთი თამაშით არ განისაზღვრება ნაკრების შესაძლებლობები. ამხანაგურ მატჩებში მთავარი ისაა, რომ თამაშიდან სწორი დასკვნები გამოიტანო, შეცდომები გამოასწორო…
რაც შეეხება თბილისის მერიის ტურნირს, წლევანდელი შეჯიბრი ყველაზე გამორჩეულია. თბილისში ჩამოდიან ცნობილი კალათბურთელები და ნაკრებები. ადრე ასე არ ხდებოდა, რადგან ძლიერი ნაკრებები არ ჩამოდიოდნენ. არავის უნდა იოლი გამარჯვება, ანაც მარცხი. ის, რომ იტალიამ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, ჩვენს პრესტიჟს ამაღლებს და ვეცდებით, ღირსეული თამაშით ჩვენი ძალა დავამტკიცოთ.
ჯეიკობ პულენი: საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან სახალისოა. ამაში ვგულისხმობ იმ გარემოს, რომელიც ნაკრებში სუფევს. გულშემატკივარიც ძალიან თბილი და ერთგულია. ჩვენი მიზანი კარგად შეთამაშება და ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგის ჩვენებაა. ყველანი იმისკენ ვართ მოწოდებული, რომ საბოლოოდ ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ.
გიორგი შერმადინი: „საკმაოდ კარგი გამოცდა გველის. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ძლიერი ნაკრებები ჩამოდიან და მათთან თამაშში კარგად გამოჩნდება ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამავდროულად, ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
მანუჩარ მარკოიშვილი: „ყველა ჯანმრთელადაა, თუმცა ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი გვიკლია. მხოლოდ თორნიკე შენგელიას აწუხებს ტრავმა, რომელმაც კუნთი გაიწყვიტა და ვერ ვარჯიშობს. მის ტრავმას ტელევიზიით არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს სერიოზული არაფერია, თუმცა კუნთის გაწყვეტა არაა სახუმარო და თუ კარგად არ მიხედა, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა გამოუჩნდეს. ამიტომ, შენგელია ისვენებს და იმედი გვაქვს, ის საფრანგეთში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე თამაშს შეძლებს“.