ეროვნული ნაკრებისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“-ს პარტნიორობა გრძელდება

ეროვნული ნაკრებისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“-ს პარტნიორობა გრძელდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“-სთან პარტნიორობა გაახანგრძლივა. დღეს, სასტუმრო „holiday inn”-ში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და „ბორჯომის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. 2013 წელს ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში მინერალური წყლების მსოფლიოში ცნობილი ქართული კომპანია ჩვენი ეროვნული გუნდის პარტნიორი იქნება. დღეს საზეიმოდ გაფორმებულ მემორანდუმს ნაკრების წევრებიც დაესწრნენ.
 

 
ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:„ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომია“, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. კალათბურთელები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და სწორედ ამიტომ ყოველთვის ირჩევენ „ბორჯომს“. ძალიან გვახარებს და გვეამაყება, რომ ქართული ბრენდი ყველა იმ ქვეყანაშია წარმოდგენილი სადაც ჩვენი ნაკრები შეხვედრებს მართავს. 
ზაზა კიკვაძე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:„უკვე მესამე წელია მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამ მეტად საპასუხისმგებლო თამაშების დროს, რომელიც ამჯერად სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება. „ბორჯომი“ ქართული ბრენდია და გარკვეულწილად ვალდებულებიც კი ვართ გვერდით დაუდგეთ გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. ამ მნიშვნელოვანი თამაშების წინ მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“.ევროპის ჩემპიონატი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის თამაშებს ქალაქ ცელიეში – ესპანეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან გამართავს.