ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა (ვიდეო)

ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა (ვიდეო)

20-დღიანი უცხოური შეკრების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 7 საკონტროლო მატჩი გამართა.
საქართველომ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირში, სადაც მასპინძლებთან და პოლონელებთან მარცხი განიცადა, ხოლო ისრაელის ნაკრებს 79:77 მოუგო. კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში ბოსნიის ნაკრებს ორჯერ შეხვდა და 63:68 დამარცხების შემდეგ 81:78 სძლია.

16-17 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე. კოკოშკოვის გუნდმა სერბეთს 75:71 მოუგო, ხოლო ფრანგებთან 71:86 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები თბილისში 23 აგვისტომდე ივარჯიშებს, შემდეგ კი საკონტროლო მატჩების გასამართად ისრაელში გაემგზავრება. 1 სექტემბერს ქართველები ლიტვაში ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას ჩაატარებენ და ევროპის ჩემპიონატზე ჩარტერული რეისით გაფრინდებიან.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში, ესპანეთთან, სლოვენიასთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო გუნდი გადის.
დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, სადაც ნაკრების წევრებმა მასმედიასთან კომენტარები გააკეთეს.