ერთ-ერთი ლიდერის დამარცხებამდე ცინცაძის გუნდს მცირედი დააკლდა

ერთ-ერთი ლიდერის დამარცხებამდე ცინცაძის გუნდს მცირედი დააკლდა

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ფრანგულმა „რუანმა“, რომლის ღირსებასაც ქართველი უკანხაზელი გიორგი ცინცაძე იცავს. მიუხედავად კარგი თამაშისა, რუანელები დამარცხდნენ – მათი მეტოქე მეორე ადგილზე მყოფი „ლე მანი“ გახლდათ, ხოლო ცინცაძის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და დიდი ალბათობით უმაღლესიდან ქვედა ლიგაში გავარდება.
კარგი თამაში იმაში გამოიხატება, რომ აუტსაიდერმა რუანელებმა სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან მხოლოდ 1 ქულით – 81:82 წააგეს. პირველი ტაიმი ცინცაძის გუნდმა 13 ქულით წააგო, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოსთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. რუანელებს მოსაგებად დრო აღარ ეყოთ და საბოლოოდ შეხვედრა ბრძოლაში დათმეს.
ქართველმა ლეგიონერმა ამ მატჩში ეპიზოდური როლი შეასრულა. ცინცაძე მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა უქულოდ, ერთადერთი შედეგიანი გადაცემით დატოვა. ცინცაძემ თითოჯერ შეუტია შორი და საშუალო დისტანციებიდან, თუმცა – არაზუსტად. რუანელთაგან 22 ქულით გერშონ იუბუსელე გამოირჩა, ხოლო 21 ქულა ჟან-მიშელ მიპოკამ მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატი 34 ტურისგან შედგება, „რუანს“ კი 5 მოგების წილ 24 მარცხი გააჩნია. დარჩენილ 5 მატჩში ცინცაძის გუნდს მის წინ მყოფ „ნანსისთან“ 4 ქულა აქვს გასაბათილებელი, უმაღლესი ლიგიდან გავარდნას რომ თავი აარიდოს. მომდევნო მატჩი რუანელებს 2 დღეში, 19 აპრილს ელით – შინაურ „კინდარენაზე“ „ლიმოჟს“ უმასპინძლებენ.